„პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა, ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყნის მომავალს“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასების დროს განაცხადა.
კახა კალაძის სიტყვებით, მიხეილ ყაველაშვილმა დეტალურად გააჟღერა ყველა ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტს, სადაც დეტალურად გააჟღერა ყველა ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ოკუპაციაზე, მშვიდობის როლზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. პრეზიდენტის გამოსვლას არანაირი წუნი და ნაკლი არ ჰქონდა. ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესს და ამ ქვეყნის მომავალს“,- თქვა კახა კალაძემ.
ასევე, შეკითხვაზე, თუ რატომ არ აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე საუბრის დროს რუსეთი, კახა კალაძემ თქვა: „სხვა ვინმე ვიცით რუსეთის გარდა ოკუპანტი?“.
„ნუ იტყუებით, რაღაც სისულელეებს საუბრობთ, რომელიც გაჯერებულია მხოლოდ ტყუილით. პრეზიდენტმა ყველაფერს მკაფიოდ გაუსვა ხაზი, მკაფიოდ ისაუბრა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, თქვენი ბრალეულობაცაა, თქვენი, რადიკალების ხელშეწყობით, იმ პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდით მივიღეთ ის, რომ დავკარგეთ ტერიტორიები დამატებით. ეს ძალიან სამწუხაროა“, – თქვა კახა კალაძემ.