კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გარევაჭრობა მხოლოდ საახალწლო პერიოდში დაიშვება და მხოლოდ მერიისგან გამოყოფილ ადგილებზე. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მერიისგან გამოყოფილი ადგილების გარდა დედაქალაქში გარევაჭრობა აკრძალულია.
“ყველა რაიონში არის კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გარევაჭრობისთვის, რომ ამ ადამიანებმა გაყიდონ თავიანთი პროდუქტები. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ამისთვის არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, რომ სხვა ადამიანებს არ შეეშალოს ხელი. მესმის, რომ წინასაახალწლო პერიოდია, უამრავი ადამიანია გამოსული, მაგრამ მითითებულ ადგილებზე უნდა მოხდეს გარევაჭრობის მოწყობა და გამართვა. ეს ეხება მხოლოდ საახალწლო პერიოდს. სხვა შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები კანონის ფრგლებში იმოქმედებენ” – განაცხადა თბილისის მერმა.