LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთისა და რაჭის რეგიონებში ყურძნის მოსავალი დაბინავებულია

113
რთველი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში 204 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, მოსავლის გადამუშავების პროცესში 350 საწარმო იყო ჩართული. კლიმატური პირობების  გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე  ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ გადაამუშავა. კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს.

რაც შეეხება რაჭას, რეგიონში 1700 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მოსავლის გადამუშავების პროცესში 50-მდე ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული. მევენახეების შემოსავალი 11,6 მლნ ლარს აღწევს.

ღვინის კერძო საწარმოებისა და მევენახეების სტიმულირების, ასევე, მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, ორივე რეგიონში რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებდა:

რაჭაში სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 7 ლარი გადაუხადა . ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

კახეთში სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 90 თეთრი გადაუხადა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ რქაწითლისა და 1 კგ კახური მწვანისთვის 20 თეთრს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებს კლიმატური პირობების გამო დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს უხდიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები