მე დღესაც გიდასტურებთ მზაობას, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, – ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა საკრებულოში მყოფ ოპოზიციას მიმართა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას ყოველთვის ჰქონდა შესაძლებლობა, მთავრობის სხდომებს დასწრებოდა და სასურველი თემები მოეტანა.
„დამეთანხმებით, რომ ცალმხრივი ვერაფერი იქნება, ვერც ურთიერთობა, ვერც მეგობრობა, ვერც სიყვარული, სიყვარულს არ ვითხოვ. უბრალოდ, თბილისისთვის საკეთილდღეო საქმეების კეთებაში მე ყოველთვის მზად ვარ და ყოველთვის ვამბობდი, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მაგრამ რა მივიღეთ თქვენი მხრიდან? მივიღეთ შეურაცხყოფა, მივიღეთ ცილისწამებები, გარკვეული შოუების მოწყობა. ქალბატონო ლილე (ლიპარტელიანი), თქვენ გქონდათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დასწრებოდით მთავრობის სხდომებს და თქვენთვის სასურველი თემები მოგეტანათ და გაგვევლო.
შესაბამისად, მე დღესაც გიდასტურებთ მზაობას, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. მე არ მაქვს ამის პრობლემა და არ იფიქროთ, რომ ჩვენ რაღაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს და თბილისის საკეთილდღეო თემებზე უარი გითხრათ თანამშრომლობაზე. მე არჩევნების დროს ვთქვი, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა სამომავლო გეგმებზე, პროექტებზე, დედაქალაქში რა უნდა გაკეთებულიყო და თქვენი მხრიდან ვიღებდი შეურაცხყოფას“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს დეპუტატები საკრებულოში თბილისის მერის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენდნენ. დღესვე დაგეგმილია 2023 წლის ბიუჯეტის წარდგენა.
იცით, ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს“ ეძახიან?! – ხმაური და შეხლა-შემოხლა საკრებულოში