„რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია გვინდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უამრავი განცხადება და მოწოდებაა სანქციებთან მიერთებას და ომში ჩართვაზე. მისივე თქმით, „მონობა არავის მიმართ არ ვარგა, არც რუსების, არც ევროპელების და არც ამერიკელების მიმართ“.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, სუვერენიტეტი. როდესაც მოწოდებებია სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე – მოიძიეთ, ამასთან დაკავშირებით უამრავი განცხადებაა. დღესაც ეს მოწოდებები გრძელდება, შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ ამ განცხადებებს ვინ აკეთებს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია გვინდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი.
შეიძლება, თქვენ გაქვთ სურვილი ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, თქვენ შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ, მაგრამ მე და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ამაყად ევროპაში გვინდა ვიაროთ. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ალტერნატივა არ აქვს.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, იცით, რომ 12 პუნქტიანი გეგმაა წარმოდგენილი, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ ამის საპირწონე, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. ჩვენ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებას მივყვებით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და დიდი ნაწილი შესრულებულია..
მონობა არავის მიმართ არ ვარგა, არც რუსების, არც ევროპელების და არც ამერიკელების მიმართ. შენ უნდა იყო შენი ქვეყნის და შენი ხალხის ინტერესების გამტარებელი. შენი ქვეყნის ინტერესი უნდა გაატარო. ვიღაცა შეიძლება ამაყობს იმით, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტია, ამაზე საუბარი იყო, გამოდიოდნენ და ამაზე პირდაპირ საუბრობდნენ – შეიძლება საამაყო იყოსო, რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა. ჩემთვის ეს მიუღებელია, მე უნდა ვიყო ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის აგენტი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესები უნდა გავატარო.
ამიტომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ გვეუბნებიან – ევროპა, ჩემზე უკეთესად არ მგონია იცოდეს რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულებები.
ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში მაქვს გატარებული, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ვიცი, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. როდესაც გეუბნებიან, სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო. შეიძლება არ ეთანხმებოდე, რომ სტატუსი არ მომეცი, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსის მიღებას. საჭიროა ეს 12 პუნქტი, მოვდივარ, მოგყვები და ვაკეთებ, მაგრამ ვიღაც კონკრეტული ევროპარლამენტარები გამოდიან და ამ სტატუსს საპირწონედ კრიმინალის გათავისუფლებისთვის იყენებენ. ეს ნორმალურია? მგონია, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ ამაყებმა, თავაწეულებმა, ვისაც აქვს იმის სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და გააგრძელოს დამოკიდებულება და მონობა, ეს მათი გადასაწყვეტია.
და რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში? რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიაროთ. ჩვენ არა ცალ ფეხზე, არა მონებად, არამედ თავაწეულებმა ჩვენი ღირსებით უნდა ვიაროთ, ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია და უამრავი წარმატებული ადამიანია საქართველოდან, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე დასავლეთს: თქვე დალოცვილებო, რა ჩააცივდით ამ საქართველოს? იომეთ, კაცო, ვინ დაგიშალათ