როდესაც წუხდებიან, მერე უკვე ავრცელებენ ჭორებს, რომ აი, უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მეორე ტურის შემდეგ პრემიერ-მინისტრის შეცვლასთან დაკავშირებით.
“ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.
მედია, რომელმაც დღეს გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია, ღარიბაშვილის შეცვლის მიზეზად არჩევნებზე რეგიონებში მიღებულ შედეგებს ასახელებს.
“რამდენიმე ქალაქში შესაძლოა იყო მეორე ტურის წინაპირობები, მაგრამ რეგიონებში ძირითადად, ცუდი შედეგები არ გვქონდა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის საკმაოდ ეფექტური პრემიერ-მინისტრია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთ. კარგია, რადგან დაინტერესდნენ უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნით. შეაწუხათ ირაკლი ღარიბაშვილის წინადადებებმა, სიმართლემ. არაუშავს, აიტანონ, საჭიროა, რომ სიმართლე პრემიერისგან მოისმინონ”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამავე გადაცემაში, უმრავლესობის წევრი არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და თბილისის მოქმედი მერის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თავად კახა კალაძემ იცის, რამე თუ დააკლო. მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურისთვის კახა კალაძე კარგად მოახერხებს ამომრჩევლების მაქსიმალურ მობილიზებას.
რაც შეეხება შედეგებს, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ დაამტკიცა და კიდევ უფრო ლეგიტიმური გახადა, არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2021 წლის არჩევნები.
“დღეს წერტილი დაესვა ნებისმიერ სპეკულაციას, როგორც რიგგარეშე არჩევნებთან, ასევე გაყალებებთან დაკავშირებით. მეორე ტურიც “ქართული ოცნების” გამარჯვებაა, რადგან ცვლილებები, რომლებიც შევიტანეთ და ავწიეთ მერობის ბარიერი, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული ელემენტები შემოვიტანეთ. სხვა შემთხვევაში ახლა მეორე ტური არსად გვექნებოდა, რადგან 30%-ზე მეტი ყველა ჩვენმა კანდიდატმა მოაგროვა. აქ არაფერი ტრაგიკული არ არის. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში არჩევანი დიდად რთული გასაკეთებელი არ იქნება”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.