საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, გადახედონ ინიცირებულ კანონპროექტებს, რომლებსაც ამ წუთებში იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
დეგნანი ამბობს, რომ მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი საქართველოს მოსახლეობისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.
„ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი“, – აცხადებს კელი დეგნანი.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.
„ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება.
ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის აუცილებელი და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, – აღნიშნა ელჩმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
განხილვის ფონზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“