LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კერძო კომპანიების ნაწილმა საპენსიო დეკლარაციების წარდგენა და ფულის ჩარიცხვა დაიწყო – საპენსიო სააგენტო

collage

ჩვენს მონაცემთა ბაზაში უკვე 2500-ზე მეტი კერძო კომპანია დარეგისტრირდა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.

პირველი სამუშაო დღე დაიწყო 3 იანვარს, სულ ორი დღეა, რაც ვმუშაობთ და უკვე 2500-ზე მეტი კომპანია არის რეგისტრირებული ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ესენი არიან კერძო კომპანიები. მათ უკვე დაიწყეს საპენსიო დეკლარაციების წარდგენა და ასევე ფულის ჩარიცხვაც“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

კითხვაზე, კერძო კომპანიების შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევს საპენსიო რეფორმა თანამშრომელთა შემცირებას ან ხელფასის დაკლებას, სურგულაძე აცხადებს, რომ სახელფასო ხარჯი მხოლოდ 1.6%-ით იზრდება, ამიტომ ფიქრობს, რომ კერძო კომპანიებში ეს საფრთხეები არ იქნება.

„თუ ციფრების დონეზე განვსჯით, საგადასახადო ეფექტის გათვალისწინებით მხოლოდ 1,6 პროცენტით იზრდება სახელფასო ხარჯი, საერთო ხარჯებში ეს არის დაახლოებით 0,5 პროცენტი კომპანიისთვის და არ მგონია, რომელიმე კომპანიისთვის ეს იყოს არსებითი ხარჯი ან რომელიმე თავმოყვარე კომპანიამ ამის გულისთვის ან შეამციროს თანამშრომლები, ან უპირატესობა მისცეს იმ თანამშრომელს, რომელიც არ არის ვალდებული, გაწევრიანდეს“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ამასთან, ლევან  სურგულაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიერ დაგროვილი თანხის დაცვის გარანტორი სახელმწიფო და სააგენტო იქნებიან.

საპენსიო დანაზოგები  ყველაზე უფრო მეტად არის დაცული, ვიდრე თქვენი სხვა აქტივი, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, სახლი, მანქანა, ფული ბანკში,ამ დანაზოგებზე არ ვრცელდება არანაირი აღსრულების მექანიზმი, ვისი ვალიც არ უნდა გქონდეთ. – აცხადებს სურგულაძე.

საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, საპენსიო რეფორმის შეჩერება მოითხოვა. ელისაშვილი დაგროვებითი პენსიის სქემას ე.წ. ანაბრების საქმეს ადარებს და ამბობს, რომ წლების შემდეგ ისევ გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც მოსახლეობას დაგროვილი პენსიის გარეშე დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები