„ლელო“ საქართველოსთვის წევრი სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს და აცხადებს, რომ „ქვეყნის სირცხვილია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისთვის, რომ ვერ მოიწვიეს“.
„ვალდებული ვარ შევახსენო როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე უმრავლესობას. გუშინ ვიხილეთ აშშ-ში, როგორი ოვაციით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის სირცხვილია, ამ პარლამენტის სირცხვილია, რომ მიუხედავად იმისა, ლელო გამოვიდა ინიციატივით პრეზიდენტი ზელენსკი მოწვეული ყოფილიყო სიტყვით გამოსვლისთვის ჩვენს პარლამენტში ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, დღემდე ვერ გაბედეთ ამის გაკეთება და დღეს საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც არ მოუწვევია პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით მიმართვისთვის“, – თქვა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამადაშვილს „მადლობა გადაუხადა“.
„მადლობა ქალბატონო სალომე, თქვენი ეს განწყობაც აჩვენებს, რომ თქვენ ნამდვილი მეგობარი ხართ საქართველოსი და უკრაინის, გეტყობათ განწყობაზე“, – მიმართა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუას კი სალომე სამადაშვილს მოუწოდებს „კეთილი ინებოს და ჩუმად მაინც იყოს“.
„ხელმოცარული დიპლომატი რომ მორალს გვიკითხავს, ევროსაბჭოს რეზოლუციას ხელი ვინც მოაწერა, ამის გუნდმა, სადაც ქართველ ბიჭებს დააბრალეს ომი, ახლა არ აქვს ამას მორალური უფლება აქ რომ გველაპარაკოს, ამ ტონალობაში რა… კეთილი ინებე, ხელმოცარული დიპლომატი რომ ხარ, ჩუმად იყავი მაინც, არ გახსენებთ ამას. და თუ გრცხვენია, დატოვეთ რა, ადექი და წადი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
