„ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი, მოძრაობა “ხალხის ძალა“ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ე.წ. ვიზიტს აფასებს და განცხადებას ავრცელებს.
სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ერთობლივ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ისინი გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს:
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენი მიზანია, აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა.
სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტსა და გამოხმაურებებზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან – შალვა პაპუაშვილი
ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში მიუღებელია – მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას: ილია დარჩიაშვილი
გვექნება უმკაცრესი რეაგირება ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით: ჯუანშერ ბურჭულაძე
ავსტრიის ელჩი: ვგმობთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში