დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბეკენჰემის მაცხოვრებლებმა შეაგროვეს სამი ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი, რათა მეეზოვე დასასვენებლად გაეშვათ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ ყოფილა საზღვარგარეთ. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
63 წლის პოლ სპირსი ქალაქელების ფავორიტი იმიტომ გახდა, რომ მუშაობის დროს ყოველდღე ელვის პრესლის სიმღერებს უკრავდა, ყოველთვის უღიმოდა ყველას და ამაღლებდა მათ განწყობას. მადლიერმა ადგილობრივებმა გადაწყვიტეს მისი გახარება და პორტუგალიაში მდიდრული დასვენების ფული გადაუხადეს.
თუმცა, მისმა დამქირავებელმა განაცხადა, რომ მეეზოვე საჩუქრის მიღებას ვერ შეძლებდა, რადგან ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მას არ ჰქონდა ფულადი საჩუქრების მიღების უფლება. დასუფთავების კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვიტა თანხა გაოერმაგებინა და სპირსის მიერ არჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა.
ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, ადგილობრივმა ტურისტულმა კომპანიამ მოაწყო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 62-დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომელთა გვარი სპირსი იქნებოდა და მეეზოვედ მუშაობდნენ. პოლ სპირსმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. მის უფროსებს უკვე არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო.
მეეზოვემ გულთბილი მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტულ კომპანიას და თქვა, რომ სამოგზაუროდ ძმასთან ერთად წავა.