მადრიდის მერიამ Microsoft-თან ერთად ახალი მობილური აპლიკაცია Madrid Te acompana შექმნა. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ასაკოვან მოქალაქეებს „თავისი“ მოხალისის პოვნაში.
აპლიკაციის მეშვეობით ხანდაზმულ ადამიანებს შეუძლიათ, ადგილობრივ აქტივისტებს დაუკავშირდნენ და დახმარება ან უბრალოდ მაღაზიაში გაყოლა ითხოვონ. გარდა ამისა, მოხუცებს დამხმარესთან ერთად ექიმთან წასვლა ან უბრალოდ სეირნობაც შეუძლიათ.
პროექტში მუნიციპალიტეტის მოხალისეთა ჯგუფია ჩართული და თითოეულმა მათგანმა შესაბამისი მომზადებაც გაიარა.
მადრიდის მოხალისეთა კორპუსი 17 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის. ყოველწლიურად ისინი 600-ზე მეტ აქციას ატარებენ. მაგალითად, გასულ წელს ამუშავდა ცხელი ხაზი, სადაც ლოკდაუნში დარჩენილ მარტოხელა ადამიანებს ეხმარებოდნენ.
საინტერესოა, რომ პანდემიურ მარტოობას ებრძვიან სხვა ევროპული სახელმწიფოებიც. მაგალითად, საფრანგეთში მარტოხელა მოხუცებისთვის სპეციალური სერვისი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ისინი უცხოელებს ეკონტაქტებიან. მსურველებს ფრანგულის სწავლაში ეხმარებიან და ახალ მეგობრებსაც პოულობენ.