ბულგარეთმა მიმართა იუნესკოს, რათა „ვარდების მდელო“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანონ. მიზანია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციების დაცვა, რაც რეგიონში ეთერზეთოვანი ვარდების მოყვანასთან არის დაკავშირებული.
საუბარია, არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე, არამედ მთლიან კულტურულ მემკვიდრეობაზე – ვარდების მოყვანაზე, ყვავილების ხელით კრეფაზე, ვარდის ზეთის წარმოებაზე, ასევე ადგილობრივ დღესასწაულებსა და ცოდნაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ სტატუსის მიღება ვარდების კულტივაციას ეროვნული მნიშვნელობის ღირებულებად კიდევ უფრო გაამყარებს.
ამ ტრადიციის ისტორია შორეულ წარსულში იწყება. ბულგარეთში დამასკოს ვარდის ერთ-ერთი ყველაზე არომატული ჯიშის მოყვანა მინიმუმ XVII საუკუნიდან ფიქსირდება. ზოგი ისტორიკოსი კი მიიჩნევს, რომ ვარდების კულტივაცია რეგიონში ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში, ძველი თრაკიას დროს, ძვ.წ. V–III საუკუნეებში არსებობდა.
დღესაც, როგორც საუკუნეების წინ, „ვარდის მკრეფავები“ ყვავილებს ხელით, გამთენიისას აგროვებენ – სწორედ ამ დროს შეიცავს ფურცლები ყველაზე მეტ ეთერზეთს. სპეციალისტების თქმით, ერთი გრამი ვარდის ზეთის მისაღებად ათასზე მეტი ფურცლის გადამუშავებაა საჭირო.

ვარდის ზეთის წარმოება ქვეყნის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს – დამასკოს ვარდები დაახლოებით 5000 ჰექტარზეა გაშენებული, ხოლო ამ სფეროში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს.
იუნესკოს მიმართვა კლიმატის ცვლილებასაც უკავშირდება. ბოლო წლებში ყვავილების კრეფის სეზონი ადრე იწყება, რადგან გაზაფხული უფრო თბილი და ნოტიო გახდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ვარდების ხეობის“ დაცვის აუცილებლობას – როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე ადგილობრივი ფერმერების მომავლის უზრუნველსაყოფად.