ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცემების – „ბათუმელები” და „ნეტგაზეთი” დამფუძნებლისა და დირექტორის, აქციაზე დაკავებული მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მედიამენეჯერს მხარდაჭერას უცხადებენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმყოფება ტელეწამყვანი ვახო სანაია, რომელმაც პროცესის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა და ეს დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობაა:
„სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო უბრალოდ არ არსებობს. მას თავიდან ბოლომდე მართავს ივანიშვილი. სასამართლო ბეჭედს დაარტყამს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რა ბრძანებაც რეჟიმისგან მოუვა. ცალკე აღებული სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, საქართველოში არ არსებობს. ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა დღეს ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა. ეს არის დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობა, ივანიშვილი ამას კარგა ხანია აკეთებს და ახლა ფიქრობს, რომ ეს არის ფინალური ეპიზოდი ამ დიქტატურის ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება უნდა გავაგრძელოთ და წინააღმდეგობა, რაც საზოგადოებაშია, უნდა გაგრძელდეს.
ორი გამოსავალი არსებობს – ან ივანიშვილი ინარჩუნებს დიქტატურას და ბოლომდე ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ან იმარჯვებს ხალხი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას დააბრუნებს. ეს ორი გამოსავალია და აქედან არაფრით არ შეიძლება გაიმარჯვოს ივანიშვილის გეგმებმა, აუცილებლად ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“, – უთხრა ვახო სანაიამ „ინტერპრესნიუსს“
მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმაც და თქვა, რომ „კრემლის სახელმძღვანელოთი დაგეგმილ აქტივობებში ჟურნალისტებზე თავდასხმები ერთ-ერთი მთავარია“.
„ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მედია არის ერთ-ერთი სამიზნე სუბიექტი რეჟიმის. მედია იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი მისგან სრულად დამოუკიდებელი სივრცე (ვგულისხმობ კრიტიკულ მედიას), რომელსაც ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ მოუხერხა.
„ბათუმელები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი, სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი. ამიტომ გასაკვირი არაფერია, ეს არის რეჟიმის ჩემი აზრით, ბოლო პერიოდი, სადაც ის ხდება განსაკუთრებულად აგრესიული. მით უმეტეს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პროცესში იყენებს რუსულ მეთოდიკას. კრემლის სახელმძღვანელოთი დაგეგმილ აქტივობებში ჟურნალისტებზე თავდასხმები არის ერთ-ერთი მთავარი, ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ კრიტიკული მედია ისე ერთად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს და ჩვენ შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად შედეგი დავაყენოთ. რეჟიმი ბოლო დღეებს, თვეებს ითვლის და ჩვენ ამაში ჩვენი წვრილი უნდა შევიტანოთ, როგორც პროფესიული საქმიანობით, ასევე მოქალაქეობრივით“, – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისათვის, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“