LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლებას აქვს უფლება, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“ – მთავრობა

132
ირაკლი კობახიძე

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას [სანქციებს] შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია – ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა… ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

განცხადების თანახმადვე, ესტონეთისა და ლიეტუვას მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ და „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ“.

„ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს“ – მარგუს ცაჰკნა

„როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ.

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!“,- აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

„ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ამავდროულად არის მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“ – გივი მიქანაძე ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g