LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირია ალერგიული რეაქციები, ყურადღება მიაქციეთ საკვებზე მითითებულ ვადებს, ინფექციების ყველაზე ეფექტიანი პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა“ – პედიატრი გირჩევთ, როგორ დაიცვათ თქვენი პატარები ზაფხულის ცხელ დღეებში

469
ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს.

ინგა მამუჩიშვილი გირჩევთ, როგორ უნდა კვებოთ, როგორ შემოსოთ და როგორ დაიცვათ თქვენი პატარები ზაფხულის ცხელ დღეებში ალერგიებისა და სხვა გარე ფაქტორებისგან:

„ძვირფასო მშობლებო! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში, აგარაკებზე! ბავშვები გალაღდნენ, ეს ბუნებრივია და ძალიან საჭიროც! მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ინფექციების ყველაზე ეფექტიანი პრევენცია ჰიგიენური ნორმების დაცვაა! ამიტომ ხშირად დაბანეთ ბავშვებს ხელები, უფრო ხშირად, ვიდრე ადრე აკეთებდით ამას.

კარგად გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული და განსაკუთრებით მწვანილი, ასვით ბევრი წყალი.

ძალიან მომრავლდნენ მწერები, ამიტომ ყურადღებით დაუთვალიერეთ სხეული, რომ არ გამოგეპაროთ კანზე მიმჯდარი ტკიპა. დაგუბებულ წყლებთან საღამო ხანს ბევრია კოღო და სხვა მავნე მწერები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან, ამიტომ შეეცადეთ, რომ არ იყვნენ ახლოს დაგუბებულ წყალთან, განსაკუთრებით შებინდებისას.

გარეთ გასვლისას, განსაკუთრებით საღამოს, სჯობია ჩააცვათ თხელი გრძელმკლავიანი და გრძელტოტიანი ღია ფერის სამოსი. ნუ გაიყვანთ თაკარა მზის პერიოდში, თუმცა მზის პირდაპირი სხივი სასურველია მოხვდეთ დილით 9-დან 10-მდე და საღამოს 18-დან 19 საათამდე. თუ აუცილებლობის გამო მზეზე გასვლა გიწევთ, ჩააცვით ღია ფერის ტანსაცმელი, დაუტენიანეთ ხილული კანი მზისგან დამცავი საშუალებებით SPF 30-50, და თავზე დაახურეთ კეპი.

მარკეტებში პერიოდულად მაცივრებს რთავენ, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით (ზუსტად ვიცი) ამიტომ ფრთხილად შეიძინეთ მალფუჭებადი პროდუქტები (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტი) ყურადღება მიაქციეთ მითითებულ ვადებს – პურზეც აუცილებლად, კოლოფების მთლიანობას, ნუ იყიდით კრემიან ნამცხვრებს.

ზღვაზე ბავშვის წაყვანა არ არის პრობლემა, უბრალოდ თავი შეიკავეთ სანაპიროზე სხვადასხვა პროდუქტის ყიდვისგან, შეეცადეთ, ბავშვმა ზღვის წყალი არ ყლაპოს, გყავდეთ ჩრდილში, გაიყვანეთ ადრე დილით და საღამოს, ხშირად ასვით წყალი.

ზაფხულში ხშირია დიარეა, ღებინება, რაც შეიძლება კვებითმა ინტოქსიკაციამ გამოიწვიოს, შეიძლება მოხდეს ამ სიმპტომებთან ტემპერატურული რეაქციების თანხვედრაც, რისი მიზეზიც ნაწლავური ვირუსები ან ბაქტერიები შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ კლინიკას!

ამ პერიოდში ხშირია ალერგიული რეაქციებიც: ცემინება, ხველა, კანზე გამონაყარი, შეშუპება, შეწითლება (მწერის ნაკბენზე) აუცილებელია დიფერენცირება ექიმმა მოახდინოს, ამიტომ იქონიეთ კონტაქტი თქვენს პედიატრთან! ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ შეხსენება არ გვაწყენს! ჯანმრთელი, ბედნიერი და მშვიდობიანი ზაფხული თქვენ და თქვენს პატარებს“, – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

ძვირფასო მშობლებო!!! დადგა ზაფხული და თქვენც გაემგზავრეთ სოფლებში,აგარაკებზე! ბავშვები გალაღდნენ,ეს ბუნებრივია და ძალიან…

Posted by Inga Mamuchishvili on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები