საქართველოს მესამე პრეზიდენტს საახალწლოდ თანაგუნდელები და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კიევში ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის კადრები საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა. ახალი წლის მილოცვების გარდა, თანამოაზრეებმა პოლიტიკური შინაარსის მოლაპარაკებები გამართეს, რომელზეც მოგვიანებით თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კიევიდან ჩართვისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.
„ვმსჯელობთ სამომავლო გეგმაზე, როგორ მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოშორდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას მარტივი რამის გამო – გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ წინსვლა. აქტუალური იყო პენსიებთან დაკავშირებით თემა და თქვეს, რომ თურმე 20 ლარით გაიზარდა. მოსახლეობამ კარგად იცის, რომ მაგალითად, 2012 წლის პენსია რომ ავიღოთ მისი მსყიდველუნარიანობით და იგივე დოლარს შევადაროთ, ფაქტობრივად, 8 წლის შემდეგ წინ არ წავსულვართ. მეტიც, უფრო ნაკლები აქვს იმ დამატებულ 20-ლარიან პენსიას მსყიდველუნარიანობა, ვიდრე 2012 წელს იყო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
სააკაშვილი შსს-ს მიმართავს: სრულიად საიდუმლოდ, ძმებო, ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში (ვიდეო)
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე და მსგავსი შეხვედრები მიხეილ სააკაშვილთან ისევ გრძელდება.
„ზოგადად, მუდმივად არსებობს კომუნიკაცია. პარტიის ძალიან დიდი ნაწილი ვიყავით კიევში. ახლაც, ადგილზე არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები და სხვა ლიდერები. პირველი შეხვედრა, მაგალითად გაიმართა ჟენევაში. ეს შეხვედრები და კონსულტაციები ასევე გრძელდება კიევში. ანუ ფორმატი ნორმალურია, როცა მიხეილ სააკაშვილთან დავდივართ და კონსულტაციებს გავდივართ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, როგორც საბრძოლო მიმართულებით, ასევე მომავალში, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად წავიდეს წინ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მეტიც, ალბათ ნახეთ, რომ სააკაშვილის საჯარო გამოსვლის შემდეგ სასაცილო, მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო ხელისუფლებამ თავი, როცა შსს-მ განცხადება გააკეთა, რომ თურმე, ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ციხისთვის არ მემეტებით… ძალიან ცოტა დრო გრჩებათ” – ვის მიმართავს მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)
