ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 2 საკარანტინე ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
“ამ ჯერზეც სამი დაგვემატა და გვყავს 917 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და გახდა 776“, – აცხადებს ეზუგბაია.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკას ორი ახალი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.
შესაბამისად, ამჟამად კლინიკაში 26 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს.
„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ჩვენს პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირი (ყარაჯალას შემთხვევა), ოჯახის წევრი (მოზრდილი) და მეორე გახლავთ საკარანტინე სივრციდან შემოსული პაციენტი, შემოტანილი შემთხვევაა, რუსეთიდან არის შემოსული ჩვენთან. საკარანტინე სივრცეში იყო, იქ დაუდასტურდა და გადმოიყვანეს.
ორივე პიროვნების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. არსებული რუტინული კვლევით და რადიოლოგიური კვლევებითაც ჯერჯერობით დაავადების პროგრესირების ნიშნები არ ჩანს, ვნახოთ დინამიკაში რა იქნება. ასევე, ჩვენთან არსებული ყველა ძველი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა, არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
