მომღერალი ეკა კვალიაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე თბილისის მერს მიმართავს.
როგორც ეკა კვალიაშვილი წერს, კახა კალაძეს სოციალური ქსელის მეშვეობით, არაერთხელ სთხოვა უსახლკარობა გაეთვალისწინებინა და ბინით დაეკმაყოფილებინა.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, ძალიან შეწუხდა და დაიღალა, რადგან სითბოს და ყურადღების ღირსი ვერ გახდა.
„მივმართავ თბილისის მერს, კახი კალაძეს.
არ მჯერა, რომ არ იცი ჩემი უსახლკარობის შესახებ, არ მჯერა, რომ არც ერთი პოსტი, სადაც მონიშნული ჰყავხარ უამრავ ადამიანს არ გინახავს, არ მჯერა, რომ ერთი ბინა არ გამოინახა ჩემთვის, უამრავს აშენებთ, არ მჯერა, რომ ჩემმა ქვეყანამ, ამ უყურადღებობის გამო ისე მომაბეზრა თავი, სხვაგან გავრბივარ!!!
ძალიან შევწუხდი, ძალიან დავიღალე, ადამიანი, რომელსაც სიმღერის, სითბოს, სიყვარულის, სინათლის, სიკეთის მეტი არაფერი მინდა მივანიჭო ჩემს ქვეყანას, ანუ მე დამიკიდეთ, ანუ ვერ გავხდი ღირსი, რომ ყურადღება და სითბო მივიღო..
კარგი, იყოს ნება თქვენი, მაგრამ რასაცა გასცემ შენიაო ნათქვამია, კარმა, მუშაობს! მადლობა კახი „ყურადღებისთვის“. – წერს ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ფორტუნა“ თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, მომღერალს შეუძლია განცხადებით მიმართოს მერიას თუკი უსახლკაროს სტატუსს ფლობს, ვინაიდან ბინით უზრუნველყოფის სხვა პროგრამა დედაქალაქის მერიას ამ ეტაპზე არ გააჩნია.
„როგორც იცით, მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკაროს სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის სარგებლობაში საცხოვრებელი ფართის გადაცემას. შესაბამისად, თუ ქალბატონი ეკა კვალიაშვილი ფლობს უსახლკაროს სტატუსს, მას შეუძლია შემოიტანოს განცხადება და თბილისის მერია გადასცემს სარგებლობაში ბინას.
თბილისის მერიას, სამწუხაროდ, არა აქვს ბინით უზრუნველყოფის სხვა პროგრამა, მათ შორის არც დამსახურებული ხელოვანებისთვის.“ – განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.