LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 მარტი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4075
მიხეილ ცაგარელი

ამ კვირის ასტროლოგიური სურათი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 19 მარტს, ხუთშაბათს, რადგან ახალმთვარეობის გამო ენერგეტიკულად მძიმე დღეა. დედამიწის ენერგეტიკული ველის ცვლილება გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის, რაც ამ პერიოდში თვალსაჩინო იქნება. თუმცა, ზოგადად პერიოდი ცუდი არ არის და ეს ყველა ნიშანს ეხება. უბრალოდ, მოსალოდნელია მცირე „ემოციური შედინებები“, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

ვერძი – თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა გაუმჯობესებას დაიწყებს, თუმცა ზოგიერთისთვის ეს პროცესი თავიდან შედარებით რთული იქნება. შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტად გულთან მიიტანოთ ის, თუ როგორ მიდის თქვენი საქმეები. ახლა განსაკუთრებით აქტუალური ხდება თქვენი სამომავლო გეგმები და აზროვნების სტილი – ის საკითხები, რომელთა იმედიც გქონდათ, შესაძლოა სრულიად სხვაგვარად, ახალი და მოულოდნელი კუთხით განვითარდეს. ამ პერიოდში შესაძლოა წარმოიქმნას გარკვეული გაუგებრობები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ. მიუხედავად ამისა, თქვენი შესაძლებლობების გამოვლენას ხელი შეეწყობა. 20 რიცხვიდან, პარასკევიდან, როგორც კი მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოვა, თქვენთვის ნამდვილი „ვარსკვლავური პერიოდი“ იწყება. ეს იქნება წლის ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი, რომელიც დაგეხმარებათ წარსულში განცდილი დანაკარგების კომპენსირებასა და დიდ წარმატებებში.

კურო – 20 რიცხვამდე პერიოდი კუროებისთვის, ისევე როგორც სხვა ნიშნებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა თავი იჩინოს ძველმა, გადაუწყვეტელმა პრობლემებმა ან ადრე დაშვებულმა შეცდომებმა შეგახსენოთ თავი. ამ კუთხით ფრთხილად უნდა იყოთ, თუმცა მთლიანობაში კვირა პოზიტიურია. ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გიწყობთ ახალი პერსპექტივების გამოჩენაში, რაც კარგ კონტაქტებს, პარტნიორობასა და თანამშრომლობას გპირდებათ. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს საინტერესო რეფორმებსა და სიახლეებს თქვენს საქმიანობაში, თუმცა 19 რიცხვი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიაროთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და მოერიდეთ ყოველგვარ რისკს ან ახალი საქმის წამოწყებას, რაც ყველასთვის გასათვალისწინებელია.

ტყუპები – ამ პერიოდში შესაძლოა გააქტიურდნენ მოშურნეები, გავრცელდეს ჭორები და ინტრიგები, რაც ხელს შეუშლის თქვენი იდეების რეალიზაციასა და განვითარებას. ზოგიერთი ადამიანის მოქმედებამ შეიძლება ეჭვიც კი გაგიჩინოთ იმაზე, თუ რამდენად სწორად ვითარდება თქვენი გეგმები, ამიტომ ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. თუმცა, 20 რიცხვის შემდგომ თქვენი ენერგოტონუსი საგრძნობლად მოიმატებს, ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება და წარმატების ფაქტორიც გაიზრდება. ჩაერთვებით ისეთ პროექტებში, რომლებიც საკმაოდ წარმატებული იქნება თქვენთვის – შესაძლოა ახალი თანამდებობაც კი დაიკავოთ და თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ბევრი სხვა სასიკეთო ცვლილებაც გელოდებათ, ამიტომ 20 რიცხვამდე აჯობებს ცოტა ყურადღებით იყოთ, ხოლო ამ თარიღის შემდეგ მაქსიმალურად გააქტიურდეთ.

კირჩხიბი – მთლიანობაში კვირა კარგია, თუმცა 19 რიცხვი, ხუთშაბათი, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიაროთ, რადგან ახალი მთვარე თქვენს ხასიათზე, გუნება-განწყობაზე მოქმედებს და შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა წარმოქმნას. ამ ერთი დღის გამოკლებით, კვირის სხვა დღეები აქტიურად გამოიყენეთ, რადგან ენერგოტონუსი მაღალია და ახალი შესაძლებლობების პერიოდია, რაც თქვენი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. დააკვირდით გარშემომყოფებს, მათ შორის ურთიერთგაგება საკმაოდ მაღალია. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, რაც თქვენს ოპტიმიზმს აამაღლებს. 19 რიცხვამდე გამოიჩინეთ ყურადღება, რომ სირთულეები არ შეიქმნას, შესაძლოა საწინააღმდეგო იდეები გაჩნდეს ან დაპირებული თანხა დროულად არ მიიღოთ, თუმცა 20-ის მერე ყველაფერი აუცილებლად დალაგდება და მოწესრიგდება.

ლომი – 19 რიცხვის, ანუ ახალმთვარეობის გამოკლებით, ეს პერიოდი ლომებისთვის მთლიანობაში კარგია. შესაძლებლობა გეძლევათ, ურთიერთობები უკეთესობისკენ შეცვალოთ, მოახდინოთ იდეების რეალიზაცია და თქვენი პროექტები შემოქმედებითი კუთხითაც წარმატებით განავითაროთ. ასევე, მოსალოდნელია ფინანსური საკითხების დადებითად გადაწყვეტა, თუმცა 20 რიცხვამდე მაინც მეტი ყურადღება გმართებთ. შესაძლოა ზოგიერთ გეგმას გადაუხვიოთ, ამავდროულად კი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ სხვისი აზრისა და რჩევების მოსმენის სურვილი დაგიკარგოთ, რაც შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის. ამიტომ, 20 რიცხვამდე ფრთხილად იმოქმედეთ, ხოლო ამ თარიღის შემდგომ თქვენი წარმატების შესაძლებლობები რადიკალურად მოიმატებს.

ქალწული – 19 რიცხვის, ხუთშაბათის გამოკლებით, რომელიც საკმაოდ რთული დღეა, კვირის დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ. 20 რიცხვამდე, კვირის პირველ ნახევარში, ზოგიერთი თქვენი სურვილი შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, რამაც შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს. თუმცა, მთლიანობაში კვირა პოზიტიურია, განსაკუთრებით კი 20 რიცხვის შემდგომი პერიოდი. ამ დროს თქვენი გეგმების რეალიზაცია გაცილებით წარმატებულად წარიმართება, რაც კარიერული წინსვლისთვისაც საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელია შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად და პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც თქვენს საქმიანობას მეტ ნაყოფს გამოიღებს.

სასწორი – 20 რიცხვამდე სასწორებს მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან კვირის პირველ ნახევარში სიტუაცია შეიძლება ოდნავ დაიძაბოს პარტნიორულ ურთიერთობებსა თუ ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. მოერიდეთ ზედმეტ დაპირისპირებებს და ეცადეთ, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. თუმცა, 20 რიცხვიდან წარმატების ფაქტორი აშკარად მოიმატებს, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას. შესაძლოა გამოჩნდნენ გავლენიანი მფარველები, რომლებიც თქვენი იდეების რეალიზაციაში დაგეხმარებიან. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული პარტნიორული თანამშრომლობა გაცილებით ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდება.

მორიელი – მორიელებისთვის კვირა მთლიანობაში პოზიტიურია, თუმცა 20 რიცხვამდე, პირველ ნახევარში, შესაძლოა გარკვეულმა ემოციურმა „შედინებებმა“ იჩინოს თავი. მოსალოდნელია გაუგებრობები მანდილოსნებთან ურთიერთობაში ან სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებისა და ტენდენციების წარმოქმნა. ასევე, შესაძლოა ფინანსურმა საკითხებმაც შეგახსენოთ თავი, თუმცა ეს ყველაფერი მალე დალაგდება და გამოსწორდება. მიუხედავად მცირე სირთულეებისა, პერიოდი ხელს უწყობს თქვენი ინტერესების ზრდას რელიგიური, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური თუ ეზოთერული საკითხებისადმი. 19 რიცხვის გამოკლებით, ეს დრო კარგია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ასევე შესაძლოა მოგვარდეს იურიდიული პრობლემები და სხვა სასიკეთო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ.

მშვილდოსანი – მშვილდოსნებისთვის 20 რიცხვიდან ენერგოტონუსი აშკარად მატულობს, რაც თქვენს ორგანიზმს უფრო აქტიურს გახდის. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გახდებით უფრო სტაბილური და წარმატების ფაქტორიც საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა, 20 რიცხვამდე პერიოდი მაინც ფრთხილად უნდა გაიაროთ, რადგან შესაძლოა თავი იჩინოს ფინანსურმა დანაკარგებმა, ასევე სირთულეებმა საქმეებსა და პირად ურთიერთობებში. ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება გარკვეული დაბრკოლებები შექმნას, ამიტომ ეცადეთ ეს პერიოდი მშვიდად გადააგოროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებისა და საკითხების განხორციელება კი უმჯობესია 20 რიცხვის შემდგომი პერიოდისთვის გადადოთ.

თხის რქა – 20 რიცხვის შემდგომი პერიოდი გაცილებით უკეთესი იქნება, მანამდე მოსალოდნელია მცირე ემოციური „შედინებები“, ამიტომ 19 რიცხვი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გაიაროთ. ეს დღე ყურადღებას ითხოვს როგორც ჯანმრთელობის, ისე საქმიანობის კუთხით, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. 20 მარტამდე შესაძლოა თავი იჩინოს საოჯახო პრობლემებმა ან გაუგებრობებმა, რის გამოც მოგიწიოთ მოულოდნელი ხარჯების გაღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე. თუმცა, 20 რიცხვის მერე ყველაფერი დალაგდება და თქვენი საქმეები ბევრად უფრო წარმატებულად წარიმართება. ჯანმრთელობის კუთხით პერიოდი სტაბილურია და ხელს უწყობს თქვენი იდეების რეალიზაციასა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.

მერწყული – ამ პერიოდში უფრო პრაქტიკულები, ინიციატივიანები და შემოქმედებითები გახდებით, თუმცა 20 რიცხვამდე სიფრთხილე მაინც გმართებთ. შესაძლოა, თავი იჩინოს გაუგებრობებმა, განსაკუთრებით ქალბატონებთან ურთიერთობისას, და თქვენს მიმართ კრიტიკამაც მოიმატოს. თუმცა, 20 რიცხვიდან ყველაფერი დალაგდება და თქვენთვის ძალიან კარგი პერიოდი დაიწყება. ეს საუკეთესო დროა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და მათი რეალიზაციისთვის. ასევე, შეგიძლიათ იმედი გქონდეთ სხვების მხრიდან მხარდაჭერისა და დახმარების. მოდის სასიკეთო ცვლილებების დრო, რაც ფინანსური კუთხითაც საკმაოდ წარმატებული იქნება.

თევზები – თევზებისთვის, 19 რიცხვის გამოკლებით, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაიაროთ, პერიოდი მთლიანობაში ძალიან კარგია. თვის პირველ ნახევარში შესაძლოა გააქტიურდნენ ფარული მტრები, მოშურნეები და გავრცელდეს ჭორები თუ ინტრიგები თქვენს წინააღმდეგ, თუმცა რეალურად ისინი ვერაფერს დაგიშავებენ და ვერანაირ შეზღუდვას ვერ შეგიქმნიან. უბრალოდ, 19 რიცხვი მშვიდად გადააგორეთ, კვირის დანარჩენი დღეები კი მაქსიმალურად აქტიურად გამოიყენეთ. თქვენ გაქვთ წარმატების დიდი შანსი ყველა სფეროში – იქნება ეს პირადი ურთიერთობების დალაგება, პარტნიორული თანამშრომლობა, საქმიანი განვითარება თუ მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოტანა ცხოვრებაში. გამოიყენეთ ეს მეტად ნაყოფიერი პერიოდი თქვენს სასარგებლოდ.

გეომაგნიტური დღეები – 16, 18, 19, 20, 22 მარტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები