77 წლის მუსიკოსი, ლაიონელ რიჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის მინესოტაში, კონცერტის დროს შეუძლოდ გახდა.
არსებული ცნობებით, მან შოუ თავბრუსხვევის გამო შეწყვიტა.
ინციდენტი 24 ივნისს, სენტ-პოლის Grand Casino Arena-ზე ჯგუფთან – Earth, Wind & Fire ერთობლივი ტურნეს გახსნის ღამეს მოხდა.
საქმე ისაა, რომ სცენაზე ყოფნისას, მომღერალმა თავბრუსხვევა და უცნაური შეგრძნება იგრძნო. ჰიტის – Dancing on the Ceiling შესრულებისას ის იძულებული გახდა პლატფორმაზე ჩამომჯდარიყო, აუდიტორიას კი იუმორით მიმართა – „როცა თავს შეუძლოდ გრძნობთ და თავბრუსხვევა გაქვთ, უბრალოდ დასხედით“.
ფორტეპიანოსთან სიმღერის – Three Times a Lady შესრულების შემდეგ, მან მოულოდნელი შესვენება გამოაცხადა და სცენა დატოვა.
40 წუთიანი ლოდინის შემდეგ, მისმა საქსოფონისტმა აუდიტორიას აცნობა, რომ რიჩი თავს კარგად ვერ გრძნობდა და კონცერტი ვეღარ გაგრძელდებოდა.
ადგილზე გამოძახებულმა პარამედიკებმა მუსიკოსი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით არ დასმულა, თუმცა შემსრულებლის წარმომადგენლების განცხადებით, ეს სავარაუდოდ გაუწყლოვანებას (დეჰიდრატაციას) უკავშირდება. საავადმყოფოში გადაყვანა, ძირითადად, პრევენციულ ზომას წარმოადგენდა.