„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით ბლოკ-მატარებელი დავნიშნეთ, რომელიც ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით იმოძრავებს. ეს გაუმჯობესებული სერვისი და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკ-მატარებელი რეისებს ამ ეტაპზე კვირაში 4-ჯერ შეასრულებს – წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47 საათზე ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკ-მატარებლის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.
„ბლოკ-მატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიების და ტერმინალების საქმიანობას. ბლოკ-მატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის – გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკ-მატარებელი ფოთი-ბაქო-ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.