LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი „ლუციფერის მხილება“ დარიგდა

171
Untitled design (3)

პარტი „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი – „ლუციფერის მხილება“ დაარიგეს.

„ლელოს“ აპარატის ხელმძღვანელის, ლანა გალდავას განცხადებით, წიგნი პარლამენტის აპარატმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უკვე გადასცა:

„გუშინ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ დამნაშავე, ეგზალტირებული ჯგუფის მიერ ევროკავშირის დროშა იწვოდა, საქართველოს პარლამენტში ალქოჩარის – ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი „ლუციფერის მხილება“ დარიგდა.

პარლამენტის შენობაში აპარატის თანხმობის გარეშე მსხვილი ტირაჟით სახელმძღვანელოებს ვერ შეიტანენ. თითო ფურცელი რომ შევიტანოთ, უსაფრთხოების ყველა საფეხური უნდა გავიაროთ. საკუთარ სამუშაო ოთახში დასაკიდად გელათისა და ვარძიის ფრესკების ფოტოები რომ შემეტანა, უსაფრთხოების ხუთი საფეხური გავიარე.

წაგიკითხავთ მის წინასიტყვაობას: „აშშ ცდილობს რა, შეცვალოს ღვთით დადგენილი კაცობრიობის განვითარების წესი, სხვა არაფერია, თუ არა ლუციფერად გამოცხადება“.

ამ წიგნში არის ყველა ის შეთქმულების თეორია, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის წევრები ასაღებენ, ანუ ამ სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ. ასახულია ყველა შეთქმულების თეორია, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ისმის სატანისტების შესახებ და ასე შემდეგ.

ერთი მხრივ, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის აპარატი კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტს არიგებდეს, ასეთ სახელმძღვანელოებს არიგებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ და ოპოზიციის წევრებისდამი არის გამიზნული“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

პარლამენტში წიგნების დარიგებაზე წერს „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი კუპრაძეც:

„გაგიჟდა „ქართული ოცნება“, საქართველოს პარლამენტის აპარატი ოფიციალურად არიგებს ამ წიგნს პარლამენტარებთან და ფრაქციებში!

გიჟი, შეთქმულების თეორიის, ანტიდასავლელი, ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნია, გამომცემლის გარეშე, ტირაჟის გარეშე და უფასოდ ავრცელებენ.

ამერიკა, როგორც ლუციფერი, ებრაელების შეთქმულებები და მსოფლიო გადატრიალება. ავად არიან „ქოცები“ და საქართველოს პარლამენტი“, – წერს „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლებისთვის წიგნების დარიგების საკითხზე ცოტა ხნის წინ განმარტება გაავრცელა პარლამენტის აპარატმა:

„სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს.

განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია.

ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g