„როდესაც საქართველოში დაინიშნა აშშ-ის ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, მაშინ ბატონი კობახიძე გახლდათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე. იმ შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და პრემიერ-მინისტრმა შეახსენა ქალბატონ ელჩს, რომ ეს იყო ღია კონკურსი და სამწუხაროდ, არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა – ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერ გაექცევი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „რადიო სივრცის“ ეთერში განაცხადა.
იგი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც იგი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.
მაჭავარიანის თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უზარმაზარი შემოსავლის მომტანია და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი აშენება. ასევე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პროექტის საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა რობინ დანიგანთან.
აღნიშნულით იგი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.
„ჩვენ თუ საკითხი ისე უნდა დაგვიყენონ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აშენება და შესაბამისად, სხვასაც არავის ააშენებინოთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ მივიღებთ. ჩვენთვის პრინციპულია ეს პორტი, ეს არის უზარმაზარი შემოსავლის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის პროექტი, სადაც საქართველო ფლობს 51 პროცენტს – საკონტროლო პაკეტს, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საკონტროლო პაკეტი არის ჩვენს ხელში, ჩვენი შვილების, შვილთაშვილების და მომავალი თაობის ხელში.
ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ ჯგუფთან, ვისთანაც ყველაზე მეტი სარგებელი შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, პრემიერს ამასთან დაკავშირებით რომ ჰქონდა საუბარი ქალბატონ ელჩთან, პირდაპირ წაუყენა ეს საკითხი, რომ თუ თქვენი ქვეყნის კორპორაციებს ან კომპანიებს აინტერესებს ამ პროექტში მონაწილეობა, მაშინ ამ ღია ტენდერში რატომ არ მიიღეს მონაწილეობა“. – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.