რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ მოცეკვავე ლიზი მორი სტუმრობდა, რომელმაც ოქტომბრის თვეში დაგეგმილ პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალზე ისაუბრა, რომელიც წელს, საქართველოში პირველად ჩატარდება.
ლიზი, როგორია სამზადისი 19 ოქტომბერს დაგეგმილი გალაშოუსთვის?
მზადება ძალიან ტემპში მიდის, ყველაფერი კარგად არის. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, მაგრამ დრო გვაქვს, რომ ისე დავხვდეთ ჩვენს სტუმრებს, მოცეკვავეებს, მსაჯებს, როგორც ჩვენ შეგვეფერება.
როგორია ღონისძიების კონცეფცია?
ეს ტურნირი მართლაც მსოფლიოში განსაკუთრებულია. ცეკვის ტურნირთან ერთად, ჩვენ ასევე გვაქვს ტურიზმი. ჩვენი მოცეკვავეები, მსაჯები, ვიზიტორები, ვინც ჩამოვლენ, სამი დღე იმოგზაურებენ საქართველოს გარშემო, ნახავენ მცხეთას, მთაწმინდას, მერე, წავლენ სიყვარულის ქალაქში, სადაც იქნება მასტერკლასები, თუ როგორ ვამზადებთ ჩურჩხელას, ხინკალს, იქნება ღვინის დაგემოვნება, ასევე იქნება არაჩვეულებრივი ვახშამი. მოინახულებენ მუზეუმებს. 19 ოქტომბერს კი, ტურნირი დაიწყება.
საქართველოში პირველად ტარდება „Open world PRO-AM dance festival“ და მინდა, რომ დაინერგოს და ყოველ წელს ჩატარდეს. PRO-AM არის პროფესიონალი და მოყვარული. ეს ჩვენთვის ახალი მიმდინარეობაა, მაგრამ დასავლეთში უკვე თითქმის საუკუნეა. აქ, პროფესიონალი მოცეკვავე დამწყებ მოცეკვავესთან ცეკვავს. როცა დამწყები მოცეკვავე პროფესიონალთან ცეკვავს, ის ძალიან მალე ვითარდება. ჩვენთან ძალიან ძლიერი წყვილები ჩამოდიან. ნახავთ, ვინც ჩვენთან მოვა და დაესწრება ტურნირს, აუცილებლად მოიხიბლება და ცეკვას გააგრძელებს. თუ ვინმეს ჰყავს PRO-AM წყვილები, მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირს გამორჩეული მსაჯები ეყოლება და რომ მათი მსაჯობა ნამდვილად დიდი ფუფუნებაა.
ჩემი 40 წლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი კონტაქტი მაქვს და დამთანხმდნენ, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. მსაჯები ჩამოდიან გერმანიიდან, იტალიიდან, ისრაელიდან. PRO-AM ტურნირის გარდა, გვაქვს „International competition“, სადაც ჩვენი ასოციაციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას, ეს არის პროფესიონალ მოცეკვავეთა საბჭო, რომელიც 1996 წელს დაარსდა და დღეს ძალიან მაღალი განვითარება აქვს. ჩვენს ტურნირში ძალიან ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას, ჩამოიყვანენ თავიანთ ბავშვებს და თვითონაც იმსაჯებენ. ღონისძიებაში საერთაშორისო მსაჯებთან ერთად, ჩვენი ეროვნული მსაჯებიც ჩაერთვებიან. იმედია, რომ ეს ცეკვის ზეიმი იქნება.
რა არის ფესტივალის მთავარი მიზანი?
მე ამ ტურნირისთვის წლები ვემზადებოდი, ბევრჯერ მინდოდა მისი გაკეთება. მიზანი არის, რომ დავაფუძნოთ ეს ფესტივალი, რომ ყოველ წელს ჩატარდეს და ტრადიციული გახდეს.
მინდა გითხრათ, რომ გალაკონცერტზე მოწვეული გვყავს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ვიქტორ და სილვა.
ვიქტორ და სილვა რამდენად მარტივად დაითანხმეთ ფესტივალში მონაწილეობაზე?
მარტივად დავითანხმე. ჩვენ ისეთი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. დღეს, ვიქტორ და სილვა ლეგენდარულ მოცეკვავედ ითვლება. ის არის ბრიტანეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული, „ბლექფულის“ ჩემპიონი. „ბლექფულს“ თუ მოიგებ, შენ ხარ ვირტუოზი მოცეკვავე და ისტორიაში ეწერები. ახლა, მან ახალი შოუ დადგა, რომლის პრემიერაც ჩვენთან, თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ შედგება.