LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი საყვარელ მამაკაცზე და ჰარმონიაზე, რომელსაც მიაღწია: „5 წლის შემდეგ უფრო თამამ საცურაო კოსტიუმს ჩავიცვამ!..“

4597
mtavarze

მაია ასათიანი ჩვენს ფოტოობიექტივში მისი საჯარო სახისთვის უჩვეულოდ ჩაცმული მოხვდა – რასაკვირველია, ჩვენი შეთავაზებითა და საკუთარი სურვილით, ძალიან მოკლე შორტებსა და თამამ მაისურში. ფოტოგადაღება და ინტერვიუ მის ფერად სახლში შედგა, სადაც ახლა ცხოვრობს. რადიკალურად განსხვავებული და ახალი ცხოვრება, რომელიც ცნობილი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, საკუთარი თავის ძიებას, მის პოვნასა და ჰარმონიულ არსებობას უკავშირდება. ათი წლის წინ „ფორტუნას“ ასეთ წინადადებას არ დათანხმდებოდა, მაგრამ ახლა მაია ასათიანი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად სურს და მხოლოდ იმ ადამიანებს ეკონტაქტება, რომლებიც ბედნიერებას ანიჭებენ, მათ შორის კი არის ერთი განსაკუთრებული მამაკაციც…

მაია, როგორ შეეგუე ახალ ტელევიზიას და როდიდან გექნება სტუდია?

მაია ასათიანი:

ახალ ტელევიზიაში გადასვლა ძალიან საინტერესო პროცესი იყო პიროვნულად ჩემთვის. წლების განმავლობაში მაინც ერთგვარ კომფორტის ზონაში ვიყავი და რაღაც მომენტში დგება წამი, როდესაც ძველი უნდა დაასრულო და კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ეს ადრეც გამიკეთებია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ ენერგიით ვარ სავსე, ყველაფერი ახალია და მაქვს განცდა, რომ ახლა ვიწყებ ყველაფერს. არ დაველოდეთ არც პავილიონის აშენებას, არც დეკორაციას… „რუსთავი 2“-თან დამშვიდობებიდან ორ კვირაში გავედით ეთერში. ძალიან აზარტული პროცესია. დღეც შევიცვალეთ და ეს იყო რთული, რადგან მაყურებელი „პროფილს“ ხუთშაბათს იყო მიჩვეული. განცდა მაქვს, თითქოს ოცი წლის ვარ და თავიდან ვიწყებ კარიერას. თუ მუდმივად ისწრაფვი სიახლეებისკენ, განახლებებისკენ, ემშვიდობები წარსულს, არასდროს დაბერდები. სიკვდილის წინაც, ასი წლისაც, შინაგანად ახალგაზრდა იქნები.

ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ ქართულ ტელევიზიებში ბევრი გასართობი თოქშოუა, რომელიც „პროფილს“ ძალიან ჰგავს. ეს პრობლემა სულ იდგა და კარგი მესიჯია, რადგან ჩვენ სწორი გზით მივდიოდით. ახლა მინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება, რომ „პროფილი“ არც თავის თავს ჰგავდეს და არც იმ გადაცემებს, რომლებიც ასე დაემსგავსა „პროფილს“. შარშან გადავწყვიტეთ, მთელი სეზონი ტეტ-ა-ტეტ ინტერვიუებზე აგვეგო, ახლა ამ ტიპის ინტერვიუები ბევრ არხზეა, ამიტომ ჩვენ კიდევ შევიცვლებით.

სულ მაინტერესებს, საიდან გაქვს ამდენი ენერგია…

ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე და მივხვდი, რომ თუკი ენერგია საკუთარი თავიდან არ აიღე, მოტივაცია თავად თუ არ შესძინე თავს, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფრისგან დაიცლები. ნუცას მერე ჩემი ცხოვრების სტილი შევიცვალე. ვაკეთებ იმას, რაც მაძლევს პოზიტიურ ენერგიას და ვურთიერთობ მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ. ასაკს აქვს ეს უპირატესობა. არ ვურთიერთობ ნეგატიურ ადამიანებთან, არ მაქვს „ფეისბუქი“, მუდმივად დაძაბული რეჟიმი არ მინდა შემეხოს. ენერგიას ვიღებ ბუნებისგან. რადგან ხშირად ვერ გავდივარ ქალაქგარეთ, პატარა ოაზისი მოვაწყვე სახლში. პატარა ეზოში იმდენი ხე და მცენარე დავრგე, რომ ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩა. სახლში რომ მოვდივარ, დადებითად ვიმუხტები…

შენი ახალი სახლი ძალიან ფერადია…

ეს შემთხვევით მოხდა, რომ სახლში ყველაფერი ლურჯი მაქვს. ნუცას მერე, ყველაფერს დავემშვიდობე, რაც წარსულთან მაკავშირებდა, გავყიდე სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და ახალი სახლი რადიკალურად სხვანაირად მოვაწყვე… დარწმუნებული ვარ, რომ 40 წლის ასაკში ნოლიდან დავიწყე ახალი ცხოვრება, რომელიც ჯერ იყო გადარჩენისკენ მიმართული, ახლა კი მიმართულია იქითკენ, რომ თავი ვიგრძნო ჰარმონიულად. ასაკი გაძლევს იმ სიმწიფესა და თავდაჯერებას, რომ საკუთარი თავი ისწავლო და კარგად გაიაზრო, რა გტკივა, რას განიცდი და უბრალოდ, მოერიდო, სანამ გეტკინება… მაინტერესებს ზოგადად ცხოვრება, ძალიან საინტერესო რაღაცაა, ამას მე ვამბობ, იმის ფონზე, რაც თავს გადამხდა. საინტერესო პროცესია საკუთარი თავის შეცნობის. ახლა, შეიძლება ითქვას, რომ გაწონასწორებული და ჰარმონიული ადამიანი ვარ.

ქალაგქგარეთ ხშირად არ გავდივარო, მაგრამ შენს „ინსტაგრამს“ რომ გადავხედოთ, საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოებით ხშირად გვანებივრებ ამა თუ იმ ადგილიდან…

არაფერიც!.. ლისზე გვაქვს ჩვენი აუზი და ფოტოებიც იქ არის გადაღებული. ყველას ჰგონია, რომ სადღაც ვარ წასული. ახლა თქვენ რომ წახვალთ, ჩავირბენ… მართალია, პატარა აუზია, მაგრამ ჩვენ გვყოფნის. ხანდახან ქალაქგარეთაც მივდივარ ხოლმე…

ბევრნაირი მაია გვახსოვს, მაგრამ დღევანდელი შენი იმიჯი სრულიად განსხვავებულია ყველა დანარჩენისგან… გარედან თუ უყურებ საკუთარ თავს და ახლა როგორ მაიას ხედავ?

ახლა ისეთი ვარ, როგორიც ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი ვთქვათ 30 წლის ასაკში. მაშინ არ ვიცნობდი ჩემს თავს კარგად, ვრეაგირებდი იმაზე, რას იტყოდა სხვა, უფრო შებოჭილი ვიყავი, ბევრი რამ, ასე ვთქვათ, „მიტყდებოდა“. ახლა ეს ყველაფერი არ მაინტერესებს და ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მინდა. თქვენ რომ 10 წლის წინ შემოგეთავაზებინათ, შორტებში ფოტოს გადაგიღებთო, არ ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა, ალბათ, არასდროს დავთანხმდებოდი ინტერვიუს, არათუ ფოტოების გადაღებას. 44 წლის ვარ და ძალიანაც მეამაყება, რომ ასე გამოვიყურები. მიზანი მაქვს, 50 წლის ასაკში ამაზე უკეთ გამოვიყურებოდე. ეს სიამოვნებას მანიჭებს. დილა ისე მაქვს ხოლმე დაგეგმილი, რომ ერთი საათი მაინც მქონდეს საკუთარი თავისთვის, მაქვს ჩემი რიტუალები, ბაღში გავდივარ, ყავას ვსვამ, მინიმუმ ნახევარი საათი ვვარჯიშობ, მაქვს ჩემი პროგრამა, მყავს ტრენერი, რომელიც ონლაინ მიგზავნის ვარჯიშებს. ამ ყველაფრის შედეგს რომ ვუყურებ სარკეში, ძალიან მომწონს. შინაგანი სიმშვიდე სახეზეც გეტყობა. ბუნებრივია, 44 წლის ასაკში სახეს ვუვლი, ბოტოქსიც მაქვს გაკეთებული და ფილერიც, მაგრამ უკვე ზომიერად…

გქონდა გადამეტების პერიოდი?

როგორ არა. განსაკუთრებით ნუცას მერე – ჩონჩხის მაგვარი სახე მქონდა და არ მინდოდა, სხვას შეემჩნია. ახლა ბევრი ახალი და საინტერესო ტექნოლოგიაა და კარგად ავითვისე. თავის მოვლის რუტინაში ექსპერტი ვარ, მაგრამ ეს ჯანსაღი კვების გარეშე არ გამოდის. თვეში ერთხელ, ხანდახან მეტჯერაც, ვაძლევ საკუთარ თავს სწრაფი კვების ობიექტების პროდუქტების გასინჯვის უფლებას, მაგრამ მერე აუცილებლად მაქვს განტვირთვის დღეები. თუ ეცდებით, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან იურთიერთოთ, ვინც კარგ ხასიათზე გაყენებთ და იმ გარემოში იყოთ, სადაც კარგად გრძნობთ თავს, თუნდაც ნახევარი საათით, ეს აუცილებლად შეგეტყობათ სახეზეც.

არის ერთი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით კარგ ხასიათზე გაყენებს… რამდენად შეგიძლია გაგვიხსნა პირადი ცხოვრების ამბები…

ერთი რამ მასწავლა საქართველოში ცხოვრებამ – ჩვენს ქვეყანაში კარგად უნდა იყო ჩუმად… ეს არის ჩემი პასუხი. ჩემი პოპულარობა ძალიან ხშირად ჩემთვისაა დისკომფორტი, მით უმეტეს, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ჩემ გვერდით შეიძლება იყოს… პოპულარობა ყველასთვის არ არის კომფორტული მდგომარეობა. ეს დისკომფორტს უქმნით ჩემი ოჯახის წევრებს, დედას, დებს, ზოგჯერ ძაღლებსაც კი, რომლებიც ჩემთან სეირნობისას ხანდახან გადამეტებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან ხოლმე. აწყობილი პირადი ცხოვრება იწვევს განხილვებს, ჩარევებს, ბევრ ლაპარაკსა და უარყოფით ენერგიას. ჯობია, იყო კარგად და ჩუმად.

არ ხარ შენ ჩუმად – ფოტოებს ხომ აქვეყნებ ხოლმე სიმპათიურ და ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად?

ხანდახან ვაქვეყნებ ხოლმე. კი, ძალიან სიმპათიურია და ჩემზე ახალგაზრდა…მეტს არაფერს ვიტყვი… გათხოვებას არ ვაპირებ… ეს არის პასუხი, რომელიც არასდროს ესმით ჩემს ძალიან ახლობელ ადამიანებსაც კი. საერთოდ არ ვაპირებ გათხოვებას. კარგად ყოფნა, წყვილში ყოფნა, ქორწინებისა და რუტინის გარეშეც შეიძლება. მე ვარ ადამიანი, რომელსაც, როგორი ბედნიერიც უნდა იყოს პირად ცხოვრებაში, თავისი სივრცე აუცილებლად სჭირდება. შეიძლება, ჩემი პირველი ქორწინების ტრავმა მაქვს, მაგრამ ბედნიერად რომ ვიგრძნო თავი, ქაღალდზე შტამპი სულაც არ მჭირდება. ეს მასკულინური საზოგადოების მახასიათებელია, ჩვენში დღემდე ითვლება, რომ ქალი წარმატებულია მაშინ, როცა გათხოვილია და ჰყავს შვილები, მაგრამ ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა გაატაროს ცხოვრება. ყბადაღებული კითხვაა, როდის ვთხოვდები. ძალიან შევეჩვიე ამ უტაქტო შეკითხვას. სანამ ასაკი ხელს გიწყობს, კარგი გოგო ხარ და იქნებ, შვილი გააჩინოო. ამ რჩევის მოცემა შეუძლია უცნობ დეიდას ქუჩაში…

მამაკაცისგან რას ითხოვ?

არაფერსაც არ ვითხოვ. ამ ასაკში მივედი კონდიციამდე და ეს არის სწორი, რომ არაფერი უნდა მოითხოვო. უნდა იყო იმ ადამიანის გვერდით, ვისთანაც თავს გრძნობ ჰარმონიულად. თუკი ასეთ ადამიანს იპოვი, რომელსაც არაფერი უნდა აპატიო და არაფერზე უნდა დაუხუჭო თვალი, კარგია… ადამიანი, რომელთანაც ჩუმად შეგიძლია ყოფნა, არის შენი ადამიანი. არაფერს არ ითხოვენ ჩემგანაც. ყველაფერი თავისით გამოდის და ეწყობა…

ბევრი ქალი იტყვის, რომ ეს არის ურთიერთობა, სადაც დიდი სიყვარული არ არის…

დიდი სიყვარული, შეიძლება, ცხოვრებაში საერთოდ არ დაგემართოს. მე მქონია, მაგრამ მაშინ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო. არავინ თქვას, რომ ვიღაც სხვის შეცდომებზე სწავლობს. ურთიერთობით უნდა ტკბებოდე და ახლა ვარ ამ სტადიაში.

არ შეიძლება, თავდავიწყებით შეგიყვარდეს?

თავდავიწყებით სიყვარული არ მგონია, ჩემთვის კომფორტული იყოს. ჭკუას და საკუთარ თავს უფრო პატარა ასაკში კარგავ, როცა საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ.

რას ეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც ათვალიერებენ შენს „ინსტაგრამს“, ფოტოებს საცურაო კოსტიუმში, მამაკაცთან ერთად ფოტოებს და გიძღვნიან უარყოფით კომენტარებს?

ძალიან ბევრი წელია, „ფეისბუქზე“ კომენტარებს აღარ ვეცნობი, „ინსტაგრამზე“ იშვიათად მეკონტაქტებიან გაკაპასებული ქალბატონები, დაახლოებით ჩემი ასაკის. ერთადერთი გზა არის მათი დაბლოკვა, აღარ ნახავენ ჩემს სურათებს და ნერვები აღარ მოეშლებათ. ეს არ არის თავდაცვა, უბრალოდ, არ მინდა, მათი უარყოფითი ენერგია ჩემამდე მოვიდეს. მათ ვეტყოდი, რომ 5 წლის მერე ვეცდები, უფრო თამამი საცურაო კოსტიუმი ჩავიცვა. ერთგვარი გამოწვევა დავისახე, ასაკი მართლა მხოლოდ ციფრებია და ახლა უფრო მომწონს ჩემი თავი, ვიდრე ოცი წლის წინ და ოცი წლის შემდეგაც მინდა, კიდევ უფრო მეტად მომეწონოს თავი.

საკუთარ თავს ბოლოს რა საჩუქარი გაუკეთე? მახსოვს, ნივთებისადმი შენი დამოკიდებულება…

საკუთარ თავს ბოლოს „აიფონ 12“ ვაჩუქე, განვადებით გამოვიტანე. წინა ტელეფონი დამემტვრა და მხოლოდ ამიტომ. ახლაც არ ვარ ის გოგო, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, დიდ თანხას გადაიხდის ნივთებსა და ტანსაცმელში. ხშირად მაცვია „ფეიქები“. ვთვლი, რომ სამოსში დიდი ფული არ უნდა გადაყარო, იმიტომ არა, რომ ძუნწი ვარ… არ ვარ ადამიანი, რომელსაც გაფეტიშებული აქვს მოდური ნივთები და ბრენდები. ყველას ჰგონია, რომ ნამდვილია და როცა მეკითხებიან, ვამბობ, რომ „ფეიქია“. მომწონს, რომ ას ლარად ვყიდულობ იმას, რასაც სხვა 800 ლარად შეიძენს. მიყვარს სახლში კომფორტი და კარგად დასვენება და მივიჩნევ, რომ მძიმე რეჟიმის მერე ამას ვიმსახურებ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g