მაილიმ მორიგი მასშტაბური საქველმოქმედო ინიციატივა განახორციელა. Complex-ის ინფორმაციით, 33 წლის ვარსკვლავის საქველმოქმედო ორგანიზაციამ ლოს-ანჯელესის ცენტრში მოქმედ ქალთა დაწესებულებას – Downtown Women’s Center, 1 მილიონი აშშ დოლარი გადასცა.
ეს სოლიდური თანხა მოხმარდება ახალ საცხოვრებელ კომპლექსს — Rosa’s Place, რომელიც ლოს-ანჯელესის Skid Row-ის რაიონში შენდება. პროექტი მიზნად ისახავს უსახლკარობის ზღვარზე მყოფი, ძალადობისა და მძიმე ტრავმების გადამტანი ქალების მხარდაჭერას.
არსებული ცნობებით, კომპლექსი უზრუნველყოფს უსაფრთხო თავშესაფარსა და მუდმივ საცხოვრებელს ათეულობით ქალისთვის, რომლებსაც ქუჩიდან თავის დაღწევაში დაეხმარებიან.
მაილიმ დონაცია დედის, ტიშ საირუსისა და ბებიის, ლორეტა ჯინის პატივსაცემად გაიღო, რითაც ხაზი გაუსვა ქალთა თაობებს შორის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ინფორმაცია ამ დონაციის შესახებ DWC-ის ყოველწლიურ გალაზე გახდა ცნობილი, სადაც საირუსების ოჯახის წვლილით, ჯამში, 2.1 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა ქალთა უსახლკარობის პრობლემასთან საბრძოლველად.
ცნობისთვის, მაილი წლებია აქტიურად უჭერს მხარს მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის უსახლკარო ახალგაზრდებსა და ლგბტქ+ თემს, აღნიშნული ნაბიჯით კი მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ლოიალობა სოციალური პროექტების მიმართ.