„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მამა საბამ პატრიარქთან დაკავშირებული პირადი და მეტად ემოციური ისტორია გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, უწმინდესთან ურთიერთობისას ის თავს მუდამ შვილად გრძნობდა, რაც განსაკუთრებით 2014 წელს, საკუთარი მამის გარდაცვალებისას იგრძნო.
როგორც მამა საბა იხსენებს, მამის დასვენება პატრიარქის აღსაყდრების დღეს, 25 დეკემბერს დაემთხვა. მამა შალვას თხოვნით, ის სვეტიცხოველში უწმინდესთან მივიდა, რათა ოჯახის ტრაგედიის შესახებ ეცნობებინა.
„დავიჩოქე პატრიარქთან და ვუთხარი… ჩამეძია, გამომკითხა სახელი, ასაკი. ბევრი რამ ემთხვეოდა: მამაჩემი 3 იანვარს იყო დაბადებული, პატრიარქი 4 იანვარს, მათ შორის მხოლოდ ორი წელი იყო განსხვავება. მამაჩემს ირაკლი ერქვა, პატრიარქსაც ერისკაცობაში ირაკლი. უწმინდესს დედა ჰყავდა კობაიძე, მამაჩემს კი ბებია. მოკლედ, ისეთი რაღაცები დაემთხვა, პატრიარქს ცრემლი წამოუვიდა. ეს ჩემთვის იმხელა ნუგეში იყო, თითქოს ღმერთმა მითხრა: ნუ გეშინია, მამა არსად წასულა, აგერ არისო… მამა იყო… მასთან ურთიერთობისას თავს ვგრძნობდი, როგორც შვილი“, – აღნიშნა მამა საბამ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ისტორიული მასშტაბის პიროვნება დაკარგა, მას ტრაგიზმის განცდა არ აქვს: „ახლაც არ მაქვს ტრაგიზმის განცდა. უნდა ვისწავლოთ მის გარეშე ცხოვრება“, – დასძინა მან.
სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.
