უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს (და ეს ვიღაცა უკვე ბევრჯერ გახმოვანდა, არის, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დავარქვათ, გნებავთ „დიფ სთეითი“) დასჯა ან დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულმა ბანკმა, Julius Baer-მა, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია გამოძიებას არ მიაწოდა.
ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ზემოაღნიშნული შვეიცარული ბანკი ასევე ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საქმეზე, სადაც საუბარია დიდ ფინანსურ ზიანზე ბანკი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ Julius Baer-ი მოქმედებს არა საკუთარი კომერციული ინტერესებით, არამედ პოლიტიკური შანტაჟით.
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის
ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს, „მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.
„წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს. იმედია, ეს წნეხი ნელ-ნელა, მას შემდეგ რაც უკვე ტრამპის ინაუგურაცია შედგა და მისი ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო მესიჯები გახმოვანდა, ჩვენს პოზიციებთან თანხვედრაში არსებული პოზიციები გახმოვანდა, ამის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში იქნებ ნელ-ნელა ამ შანტაჟის და დასჯის სურვილმა უკან გადაიწიოს. რეალურად, ის ახალი ამბავიც, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებითაც, სადაც დიდ ზიანზეა საუბარი და ინფორმაციასაც კი არ აძლევს [ბანკი] გამოძიებას, კიდევ ერთი დამატებითი დასტურია იმისა, რომ შვეიცარიული ბანკი არ მოქმედებს საკუთარი ნებით და კომერციულ ინტერესებზე საერთოდ არ არის საუბარი, მის მოქმედებებში პოლიტიკური შანტაჟის ინტერესებია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.