მასკი „ტესლას“ გენერალური დირექტორის პოსტიდან წასვლას არ აპირებს. მიუხედავად კომპანიის პრობლემებისა და აქციონერთა მხრიდან ზეწოლისა, ილონ მასკი „ტესლას“ სათავეში მინიმუმ უახლოესი 5 წელი კიდევ დარჩება. ერთადერთი რასაც მისი ჩანაცვლება შეუძლია – სიკვდილია, აზუსტებს მილიარდერი.
უახლოეს მომავალში მასკი Tesla-ში თავისი აქციების გაზრდას აპირებს. ამჟამად მას ფასიანი ქაღალდების 12,77% ეკუთვნის, რომელთა ღირებულებაც 140 მილიარდი დოლარია, თუმცა ის თავისი წილის დაახლოებით 25%-მდე გაზრდას აპირებს.
შედეგად კომპანიაში მასკის მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდება, იმედოვნებს თავად ბიზნესმენი. თუმცა, ბუნებრივია, არა იმდენად სტაბილური რომ სურვილის შემთხვევაში აქციონერებმა მისი ჩანაცვლება ვერ შეძლონ.
მასკი პოლიტიკაში ჩარევის გამო აქციონერთა და საზოგადოების მხრიდან სერიოზულ ნეგატივს გადააწყდა. „ტესლაზე“ აისახა მისი დაკავებულობაც და მაღალი ხარჯებიც: 2024 წელს მან ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარი დახარჯა. მომავალში მასკმა პოლიტიკური ხარჯების შემცირების პირობა დადო და იმაშიც დარწმუნებულია, რომ თავის ელექტრონულ კომპანიას ბევრად მეტ დროს დაუთმობს.