“საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლიანი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა იმისგან დამოუკიდებლად განხორციელდება, ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა.
სპეციალური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან თავად შალვა პაპუაშვილი, ოპოზიციიდან კი პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იქნებიან.
“ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე უმრავლესობის მხრიდან ვიქნები მე, ხოლო ოპოზიციის მხირდან თანათავმჯდომარე იქნება შეთანხმების მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი.
სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტი პალამენტს წარედგინება არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ლი მაისისა”. – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად დახვეწოს საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრას ის მცირედი ხარვეზიც კი, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო:
“ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეპტიციზმის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, როლის მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს”. – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ბრიფინგზე იმ მემორანდუმის შესახებ ისაუბრა, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობასა და პარტია “მოქალაქეებს” შორის გაფორმდა.
რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა
პაპუაშვილის განცხადებით, ისინი ასევე მზად არიან, განიხილონ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შევა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ და პარლამენტში შევიდნენ:
“კიდევ ერთხელ მოვწუოდებ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე – პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს.” – თქვა პაპუაშვილმა.