ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ჩამოყალიბებულ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ეხმიანება.
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, „ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს 5 ნომრის ქვეშ შეიკრიბნენ“.
„ჩემი ვარაუდით, ლოგიკა გვეუბნება იმას, რომ, შესაძლოა, არჩევნებამდე საქმე გვქონდეს გადაჯგუფებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. იმ დიდ „კლასტერში“, რომელიც საქართველოში რამდენიმე პარტიად არის გაშლილი. იგივე ლოგიკა გვეუბნება, რომ ყველაზე რადიკალი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები დღეს შეიკრიბნენ 5 ნომრის ქვეშ.
ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი, ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს, რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები.
როგორც ჩანს, ეს ჯგუფი ერთ მხარეს დააჯგუფეს, მათ არავინ ეკითხებათ, რასაც იტყვიან, იმას აკეთებენ. ალბათ, ჩვენ ვნახავთ მეორე „კლასტერს“, რომელიც ლიბერალებზე იმუშავებს, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებით, რასაც ლიბერალიზმთან საერთო არაფერი აქვს, შესაძლოა, მათთან ერთად ვიხილოთ „ლელო“, გახარია და ა.შ. ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები რამდენ „კლასტერადაც“ უნდა დაიყვნენ, ვერ გაიმარჯვებენ“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ.