„ეს არის იმ ადამიანების მოგონილი კამპანიის ნაწილი, რომლებმაც 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესა. ამ კამპანიას ტურისტების წინააღმდეგ გეგმავენ ისინი, ვინც უვიზო რეჟიმი დაუწესა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნარატივი“ შავ ხვრელთან და სანქციებიდან თავის არიდებასთან დაკავშირებით არის უბრალო, მარტივი და მდაბიო ტყუილი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს თავის მართლება იმაზე უწევს, რაც ბუნებაში არ არსებობს.
ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
„ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“ - კობახიძე სავიზო რეჟიმზე
მდინარაძის თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოსული, სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია.
„ეს არის იმ ადამიანების მოგონილი კამპანიის ნაწილი, რომლებმაც 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს. ამ კამპანიას ტურისტების წინააღმდეგ გეგმავენ ისინი, ვინც უვიზო რეჟიმი დაუწესა. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო, თუ რამე მსგავსი საჭიროება იქნება, მსგავსი ინიციატივა ისედაც გაჩნდება.
გუშინ ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში შემოვიდა 1.5 მილიონი რუსი ტურისტი მთელი წლის განმავლობაში, 2022 წელს კი შემოსულია 247 000.
პირიქით, ნაკლები რაოდენობაა შემოსული, თუ შევადარებთ პანდემიამდე წლებს. ვერ ვხვდები, საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება?!“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.
