LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე არ ვთვლი, რომ ეს სიკეთეა, ეს არის ადამიანური ინსტინქტი, რომ ერთი ადამიანი მეორეს დაეხმაროს…“ – ვინ არის გოგონა, რომელიც პატრიარქის სამძიმარზე მიმავალ ხალხს წყალს აწვდიდა

355
კატო ვახტანგიშვილი

„დილა მშვიდობისა საქართველო“ გვაცნობს გოგონას, რომელმაც საკუთარი უბრალო ქმედებით პატრიარქის სამძიმარზე მიმავალ ხალხს თავი დაამახსოვრა.

კატო ვახტანგიშვილის კადრმა, სადაც გოგონა დაღლილ და საათობით რიგში მდგომ ხალხს, სახლიდან წყალს აწვდიდა, სოციალური ქსელები მოიცვა.

კატო ამბობს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია ერთმანეთს დავეხმაროთ:

„მთელი დღის მანძილზე ვხედავდი ხალხს და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მე რამე არ გამეკეთებინა მათთვის. ამდენი საათი როდესაც დგახარ სიცხეში ხუთ წუთიან გზაზე, წვიმაში, ღამით, დილით ძალიან ძნელია.

რიგი მეტროდან იწყებოდა სამების ტაძრამდე, ძალიან ბევრი ხალხი იყო მთლიანად ავლაბრის ტერიტორიაზე.

თავდაპირველად წყლის მიწოდება დავიწყეთ მხოლოდ. 10-12 საათი გვიწევდა ფეხზე დგომა და ამაში ჩემი მეგობარი, ლიზიც თავდაუზოგავად მეხმარებოდა. რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, სახლში შემოვიყვანეთ, წამალი დავალევინეთ, სასწრაფო გამოვუძახეთ. ბევრი ადამიანი იყო ჩემს ეზოში და ჩემს სახლში…

მთელი სამეზობლო იყო ჩართული მაქსიმალური ძალებით და საერთოდ ყველაფერს ვაკეთებდით რაც შეგვეძლო, ოღონდ მართლა, დაუღალავად…

რაიონიდან ჩამოსული ადამიანები სახლში შემოვიყვანეთ დავასვენეთ, სული მოვათქმევინეთ. რომ დავინახე, რომ რამდენიმე ადამიანს ტელეფონი ეჭირა, ვიფიქრე, რომ ალბათ ყველაზე მეტი თავის პირად „სთორიზე“ დადებდნენ. რომ გავრცელდა შემდგომ ვიდეო, ძალიან მომერიდა და ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ისეთი არაფერი არ გამიკეთებია… არ ველოდი ამხელა პატივისცემას იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებდი ეს იყო მინიმალური და ვთვლი, რომ ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა…

მე არ ვთვლი, რომ ეს სიკეთეა, ეს არის ადამიანური ინსტინქტი, რომ ერთი ადამიანი მეორეს დაეხმაროს…“- ამბობს კატო ვახტანგიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g