ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ფეისბუქის“ გვერდზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რუსთავი 2“ ისეთივე თავისუფალი მედიაა, როგორიც მე ჩინეთის იმპერატორი, მაგრამ ვისაც დღეს ეჭვი ეპარება, რომ რაც ამ ტელეკომპანიის ირგვლივ ხდება, ეს პოლიტიკური პროცესია, ნამდვილად ბრმაა.
ეს არის პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად. „ქართული ოცნება“ იბრძვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტელევიზია წაართვას. სულ ესაა მთელი ამ საქმის ალია-ბალია, ხოლო ის, რომ ეს კერძო დავაა, ისეთივე მითია, როგორი მითიც გვარამიას განცხადება აღმოჩნდა, რომ „რუსთავი 2“ არადოტაციური ტელევიზიაა! ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, კი ხვდება, რომ ეს პროცესი შეიძლება, „ქართული ოცნებისთვის“ სავალალოდ დამთავრდეს, რადგან თუნდაც ოპოზიციური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზია მაინც არის დემოკრატია, ხოლო ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცეული მედია დიქტატურაა!“
