LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერიდება! მარტო ჩემი ფოტოებია?” – კახი კავსაძის 101 ემოცია

519
BeFunky-collage (4)

ლეგენდარული ქართველ მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის თეატრში 29 და 30 აპრილს გაიმართება

სოციალურ ქსელში კახი კავსაძესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენეს.

ერთ-ერთ ემოციურ ამბავს კი ფოტოგრაფი მინდია მიდელაშვილი იხსნებს და საზოგადოებას კახი კავსაძის ფოტოსესიას უზიარებს, სადაც მისი ემოციებია აღბეჭდილი.

“-გამარჯობა, ბატონო კახი!
-გამარჯობა ?!
-მინდია ვარ, ფოტოგრაფი, ჩემთან რომ იყავით სტუდიაში.
– დიახ, დიახ, მინდია!
– ერთი იდეა მინდა გაგიზიაროთ და თუ შეიძლება, რომ შევხვდეთ ?
შევთანხმდით დროზე, ყველაფერი ისე მახსოვს, თითქოს ახლახან იყო ჩვენი შეხვედრა.
ერთი თვით ადრე სტუდიაში მოვიდა პორტრეტის გადასაღებად, ერთი საათის განმავლობაში თავის ცხოვრებაზე ყვებოდა და იხარჯებოდა ისე, როგორც სცენაზე, მისთვის ცხოვრება იგივე სცენა იყო, სადაც აუცილებლად ყველაფერი გულით უნდა გაეკეთებინა…
ფოტოებს რომ გადავხედე, გამოფენის სურვილი გამიჩნდა.
„ას ერთი ემოცია“- ასე დავარქვი, რადგან ყველა ფოტოდან სხვადასხვა ემოცია მოდიოდა, წარმოვიდგინე – ერთი ადამიანის ამდენი ემოცია დიდ დარბაზში.
რუსთაველის თეატრის ფოიეში შევხვდით, როგორც სჩვეოდა გულწრფელად მომიკითხა, ყველას ასე კითხულობდა, გულით!
-გისმენ,- მითხრა ისეთი ტონით და ღიმილით, თითქოს გამამხნევა და სტიმული მომცა.
პოსტერი ვაჩვენე, მისი ბევრი პორტრეტით აწყობილი, თან ვუხსნიდი, რომ სურვილი მქონდა გამეკეთებინა გამოფენა და თუ იყო თანახმა.
– ვახ! – ხმამაღლა თქვა და ფოიეში ექომ ხმა უფრო გააძლიერა
– ვახ, რამდენი ვარ!
გაჩუმდა, ველოდებოდი ვერდიქტს, კი თუ არა.
– მინდია, იცი ?!
კიდევ პაუზა, მის სახეზე ვერ ამოვიკითხე, რას მიპასუხებდა…
ბოლოს თქვა:
– იცი. მერიდება! მარტო ჩემი ფოტოებია?
– დიახ, ბატონო კახი, „ფოტოსპექტაკლი“ დავარქვათ.
– იცი, „დონ კიხოტის“ გადაღების დროს რამდენი მტერი მყავდა? სამი!
იცი „დონ კიხოტის“ შემდეგ რამდენი გახდა? ას სამი! და შენ იცი ამ გამოფენის მერე, სადაც მარტო ჩემი ფოტოები იქნება, რამდენი გახდება?
ათას სამი! რამდენიც არ უნდა იყვნენ, რაც არ უნდა თქვან, უნდა გავაკეთოთ!
ამდენი იშრომე და ის უფრო მერიდება, შენ რო გითხრა უარი!
რუსთაველის ფოიეში ბატონი კახის ძლიერი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდა.
სამწუხაროდ, ამის შემდეგ მასზე მხოლოდ წარსულში ვისაუბრებთ, მაგრამ სიყვარულით ის შეძლო, რომ ჩვენს აწმყოში იყოს.
ბატონო კახი, როდესაც ჩვენი პროექტი დასრულდა, მადლობა გადაგიხადეთ ყველაფრისთვის, მაგრამ ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რაც მასწავლეთ თქვენი წრფელი ურთიერთობით.”-წერს მინდია მიდელაშვილი.

 

 

 

 

 

ფოტოები: Mindia Midelashvili Photography Official

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები