„მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?“, – ამ კითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.
სანიკიძე პირობას დებს, რომ თუ უმრავლესობა ამ კითხვას პასუხს გასცემს, მზად არის ამნისტიის კანონს მხარი დაუჭიროს.
სანიკიძე ქვეყნის საკეთილდღეოდ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისთვის მზად არის და აცხადებს, რომ „რაღაცებზე შეიძლება მორიგდნენ“.
„მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ახლა შერიგებას ნუ მოითხოვთ, მაგრამ რაღაცებზე შეიძლება მოვრიგდეთ. ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა ცოტა ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, სხვათა შორის, ამაში გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები, 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ 24 საუკუნის მერე თქვენ მოსულიყავით ხელისუფლებაში. მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ, ვიცით, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ქართველ ხალხს თქვენგან ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიუღია, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში? გაგვეცით ამაზე ოფიციალურად პასუხი. პასუხს თუ მივიღებ, პირობას გაძლევთ, რომ ამას (ამნისტიის პროექტი) მხარს დავუჭერ, ოღონდ პასუხი გაგვეცით, როგორ და რატომ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში“, – განაცხადა სანიკიძემ.