LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუბნებიან, რომ ვითომ ჩემი გოგოა წასული.. 13 წლის გოგო როგორ წავიდა, თუ ასე იყო, მოაბრუნონ“ – რას ამბობენ ოჯახის წევრები არასრულწლოვანი მოზარდების შესაძლო დაოჯახებაზე

524
არასრულწოვანთა ქორწინება (1)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორ­მუ­ღან­ლო­ში მე­ო­რე დღეა ორ არას­რულ­წლო­ვანს ეძე­ბენ. მო­ზარ­დე­ბი 28 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გაუჩინარდნენ.

სამართალდამცველები არასრულწლოვნებს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა მათ კვალს ჯერჯერობით ვერ მიაკვლიეს. შესაბამისი ღონისძიების ფარგლებში, კახეთის რეგიონალურ პოლიციაში მოზარდების ოჯახის წევრები დაიკითხნენ.

არასრულწლოვანი გოგოს მამა მედიასთან ამბობს, რომ მისი შვილი მეზობელმა, ასევე არასრულწლოვანმა, 16 წლის ბიჭმა ცოლად მოჰყვანის მიზნით გაიტაცა.

მოზარდის მამა ასევე აღნიშნავს, რომ ბიჭმა გოგოს ხელი ჯერ კიდევ 3 თვის წინ სთხოვა, რაზედაც მან უარი მიიღო. მისი ვარაუდით, სწორედ ამის შემდეგ ბიჭმა მისი შვილი გაიტაცა.

ფაქტი 27 თებერვალს, ღამით მოხდა. გოგოს მამის თქმით, იმ ღამით მოზარდი ბებიასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, სახლში იმყოფებოდა. ვარაუდობს, რომ გოგო გარეთ მოტყუებით გაიყვანეს.

„პოლიციელები მეუბნებიან, რომ 3 დღე და ღამეა ეძებენ… მამამ, მათ [ბიჭის ოჯახის წევრები] იციან, სად არიან, მაგრამ არ მეუბნებიან. ღამე როგორ მოიპარეს არ ვიცი.. ისინი მეუბნებიან, რომ ვითომ ჩემი გოგოა წასული. 13 წლის გოგო როგორ წავიდა, თუ ასე იყო, მოაბრუნონ.

პოლიციაში აჩვენეს ვითომ წერილი, თითქოს ეწერა, მოდი და წამიყვანეო, ეს ჩემი ბავშვის წერილი არ არის“, – ამბობს „მთავარ არხთან“ საუბრისას მოზარდი გოგოს მამა.

რაც შეეხება არასრულწლოვანი ბიჭის ოჯახის წევრებს, მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არასრულწლოვნებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა იყო. ბიჭის მამის თქმით, გოგოს თანასოფლელ ბიჭთან ურთიერთობის სურვილი თავად ჰქონდა.

„გავიგე, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ერთი-მეორეს გაჰყვა. რავიცი, გოგომ დაუძახა ბიჭს და ერთად წავიდნენ. მე არ ვიცი, არაფერი მინახავს, ხალხი ეგრე იძახის, რომ ერთმანეთი უყვარდათ“. – ამბობს არასრულწლოვანი ბიჭის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

magti 5g