ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად კი კვლევის პროცესი გაგრძელდება.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც იცით, გუშინ გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მერიის შენობაში, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები.
საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს - გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა
უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება
შეხვედრაზე გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.
სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ის შეზღუდვები, რომელიც გვქონდა მიმდებარე არეალზე, კვლავ ძალაში რჩება. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან ეს წესები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.