„მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია, არამედ, არსებულ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასასრული“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს აფასებს:
„მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია, არამედ, არსებულ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასასრული.
ძველი საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვნად შესუსტებულია. ეს კი მთელ მსოფლიოში მრავალ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევს.
ეს ახალი რეალობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს პატარა და სუსტი ქვეყნებისთვის და ძირს უთხრის მსოფლიო ეკონომიკას.
ჩინეთი უკვე გახდა ამ ახალი სამყაროს ნაწილი და მომდევნო თვეებში გაცილებით აქტიური გახდება. შეერთებულ შტატებს თავისი პოზიციის გადახედვა მოუწევს. მას უმოქმედოდ დარჩენა არ შეუძლია მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯოჯოხეთისკენ მიემართება.
P.S. სანდრას მამამ, ნიდერლანდების სამხრეთით, სასწრაფო დახმარების ნაკრები და რადიო იყიდა, რათა მოახლოებული ომისთვის მოემზადოს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.