არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდიგვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის რეგულირება უნდა მოხდეს სინქრონულად, ბიზნესის ტვირთის გათვალისწინებით.
„არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდიგვერდ. რასაკვირველია, ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის.
მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდიგვერდ ხსნიდეს აფთიაქს. ჩვენთან ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და თქვა, რომ მედიკამენტების ფასები ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, ვინაიდან საუბარია ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.
„მედიკამენტები ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასსაც აქვს განსხვავებული სპეციფიკა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მართებს, იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც, მათ შორის, რეგულირებაში, იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, მათ შორის, უპირველესად, ფასის მიხედვით.
ფასები ამ პრინციპითაა აღებული, რომ ჩვენი ზომის ეკონომიკის სახელმწიფოებში რაცაა ფასები, საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილიც და დახლზეც, ყველა ეს ფასი იმის ანალოგიურად რეგულირდება საქართველოში.
დადგენილია მედიკამენტების ზედა ჭერი. სწორედ ამ ზედა ჭერის ფარგლებშია ვაჭრობა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს სრულად არ მოიცავს ბაზარს, სრულად რეგულირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტებს განეკუთვნება, რეფერენტული ფასების პოლიტიკა გამართლებულია. ბუნებრივია, მეწარმეს მოგების სურვილი აქვს, მაგრამ ეს ვერ იქნება შეუზღუდავად.
ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ჩარჩოს უნდა მოერგოს ბიზნესი. ზოგჯერ ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ეს შემაწუხებელია მოქალაქისთვის. ეს ტვირთია მისთვის. ის მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება სუპერმარკეტების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ შეიძლება შეეხოს აფთიაქებსაც“, – განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
