LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდელის შახტში დაშავებული სამი მეშახტე რეანომობილით თბილისში გადმოყავთ

124

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებული უკვე გადაიყვანეს თბილისში, ერთ-ერთის მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, რომ უცნობია, დაექვემდებარება თუ არა ტრანსპორტირებას.

კიდევ ერთ დაშავებულს რეანომობილით თბილისში გადასაყვანად ამ წუთებში ამზადებენ. დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ტყიბულის საავადმყოფოში რჩებიან.

მინდელის შახტის ის უბანი, სადაც დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქამდე დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა. ინფორმაციას დაღუპულის ოჯახის წევრები ავრცელებენ. უბედური შემთხვევა იგივე უბანზე მოხდა, სადაც 5 აპრილს მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული მეშახტეების ცხედრები ჯერ არ უპოვიათ. ოჯახის წევრები და ახლობლები ნეშტების ამოსვენებას ელოდებიან. ტყიბულში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ტყიბულში, ასევე, გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით.

მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

magti 5g