ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება უნდა გაუორმაგოს, პარტია “ლელოში” ეხმიანებიან.
როგორც “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, აღნიშნულ ინიციატივას მიესალმება და კარგია, როდესაც ქვეყანას ჰყავს პარტნიორები, რომლებიც საუკეთესო ქართული ინტერესების დასაცავად იბრძვიან:
“მივესალმები კონგრესმენების კინზინგერის და კოტონის განცხადებებს აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე.
ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებებით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ ურთულეს რეგიონალურ კონტექსტში, საქართველოს სჭირდება აშშ-ის სამხედრო ერთეულების მუდმივი ყოფნა საქართველოში, რათა ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრა მტერს ძვირი დაუჯდეს. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გასაღრმავებლად.
კარგია, როდესაც ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომლებიც საუკეთესო ქართული ინტერესების დასაცავად იბრძვიან, მაგრამ ცუდია, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერ იყენებს ამ შესაძლებლობებს. ახლა, იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონში ვისმენთ საუბარს ნატოს აღმოსავლეთ ფრონტის გაძლიერების აუცილებლობაზე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს ეს მომენტუმი. “ლელო” ამაში აქტიურ წვლილს შეიტანს.” – აცხადებს გეგელია.
შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაწერა, რომ უკრაიის მიმართ რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-მა საქართველოს ეკონომიკური და სამხედრო დახმარება უნდა გაუორმაგოს.