„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ხელმძღვანელი, ტატო ქელბაქიანი, სამტრედიაში, ერთ-ერთი სკოლასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ეხმიანება, სადაც მშობლები იმ სამი მოსწავლის სკოლიდან გაშვებას ითხოვენ, რომლებმაც მოსწავლეზე იძალადეს. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელებულ კადრებს. ტატო ქელბაქიანი განმარტავს, რომ მოსწავლეები სკოლიდან არ უნდა გარიცხონ და მათი ქცევის კორექციაზე უნდა იმუშაონ.
ამასთან, უფლებადამცველი ტელევიზიით გასულ სიუჟეტს აკრიტიკებს, სადაც მოცემული ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ინდენტიფიცირება მარტივად არის შესაძლებელი.
“R2 ზე გავიდა სიუჟეტი რამოდენიმე დღის წინ ბავშვზე განხორციელებულ ძალადობის კადრების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს:
1. ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან იმიტომ ამოიღეს, რომ ამ ბავშვების, განსაკუთრებით მსხვერპლის იდენტიფიცირების შესაძლებლობა არ ყოფილიყო, რომ მეორადი ვიქტიმიზაცია არ მოხდეს ბავშვის. სიუჟეტში კი ვხედავთ ქალაქს, სკოლას, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ და დაასახელეს ასევე რომელ კლასში სწავლობენ. ამით რა არ ხდება ბავშვის იდენტიფიცირება, თუ მარტო სახელი და გვარის მითითება გგონიათ იდენტიფიცირება?!
2. სიუჟეტის მთელი ლაითმოტივი იყო ის, რომ რატომ არ რიცხავს სკოლიდან ადმინისტრაცია სავარაუდო მოძალადეებს. ბავშვებს შორის ძალადობა (ბულინგი) არის საკმაოდ რთული ფენომენი და ამ კუთხით მუშაობა არის საჭირო, რასაკვირველია, როგორც მსხვერპლის რეაბილიტაციაზე, ამავდროულად იმ ბავშვების ქცევის კორექციაზე, ვისაც ესეთი ძალადობრივი ქცევა ახასიათებს. რასაკვირველია სკოლიდან არ უნდა გარიცხონ! მათთანაც უნდა იმუშაონ.
და საერთოდ ასეთი სახის პრობლემები მრავლად არის სკოლებში, უბრალოდ ყველა ამას ვიდეოზე არ იღებს და სოციალურ ქსელში არ ტვირთავს.
აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებმა, შეიმუშავონ ბულინგთან ბრძოლის კომპლექსური და ეფექტური მექანიზმი და დაიწყონ მისი განხორციელება,”- წერს ტატო ქელბაქიანი.