ბილი აილიში იმ არტისტებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ,,გრემის” დაჯილდოებაზე სამადლობელი სიტყვა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციული პოლიტიკისა და საიმიგრაციო სამსახურის (ICE) არაჰუმანური მეთოდების გასაკრიტიკებლად გამოიყენეს.
მომღერალი Crypto.com არენის სცენაზე ძმასთან, ფინეასთან ერთად ავიდა, რათა ,,წლის სიმღერის” ნომინაციაში გამარჯვებულის კუთვნილი ჯილდო კომპოზიციისთვის – Wildflower მიეღო.
მას შემდეგ, რაც პრიზი კეროლ კინგისგან ჩაიბარა, აილიშმა განაცხადა: ,,მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მადლიერი ვარ, ვფიქრობ, ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო; უბრალოდ ვიტყვი, რომ მიტაცებულ მიწაზე არავინ არის არალეგალი”.
მაყურებლის მხარდაჭერის შემდეგ მომღერალმა განაგრძო: ,,ახლა მართლაც რთულია იმის გააზრება, რა უნდა თქვა ან გააკეთო. თუმცა, ამ დარბაზში იმედს ვგრძნობ და მჯერა, რომ ბრძოლა, ხმის ამაღლება და პროტესტი უნდა განვაგრძოთ. ჩვენ სიტყვას და თავად ადამიანებს მართლაც დიდი ძალა აქვთ”.
მომღერლის გამოსვლის ერთ-ერთი მონაკვეთი ეთერში ხმოვანი სიგნალით დაიფარა, თუმცა ტუჩების მოძრაობის მიხედვით, მან ICE-ის მისამართით მწვავე და უხეში რეპლიკა ისროლა, რასაც დარბაზში კვლავ ოვაციები მოჰყვა.
აილიში ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ,,გრემის” სცენიდან საიმიგრაციო სამსახური გააკრიტიკა. მიმდინარე რეიდების ფონზე მწვავე გზავნილით წარდგა Bad Bunny-ც.
,,მოშორდეს ICE”, — განაცხადა პუერტორიკოელმა მომღერალმა ერთ-ერთი ჯილდოს მიღებისას.
მან დასძინა: ,,ჩვენ არ ვართ ველურები, არ ვართ ცხოველები თუ უცხო პლანეტის ბინადრები. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ ამერიკელები ვართ”.
Bad Bunny-მ მსმენელს რჩევითაც მიმართა: ,,სიძულვილი კიდევ უფრო მეტ სიძულვილს შობს. ერთადერთი, რაც მასზე ძლიერია, სიყვარულია. გთხოვთ, სხვანაირად ვიმოქმედოთ. თუ ვიბრძოლებთ, ეს სიყვარულით უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ისინი არ გვძულს, ჩვენ საკუთარი ხალხი და ოჯახები გვიყვარს. სწორედ ეს არის სწორი გზა — სიყვარულით მოქმედება. გთხოვთ, ეს არასოდეს დაივიწყოთ.”
შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესში გამრთული ,,გრემის” 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით, ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ გასული წლის საუკეთესო მუსიკალური მიღწევები შეაჯამა და რჩეულ არტისტებს კუთვნილი ჯილდოები გადასცა.
წელს გამარჯვებულები 95 კატეგორიაში გამოვლინდნენ. პროცესი ე.წ. პრემიერ ცერემონიით დაიწყო, სადაც ჯილდოების უმეტესი ნაწილი გაიცემა. რაც შეეხება ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციებს, მათი მფლობელების ვინაობა Crypto.com არენაზე გამართულ გრანდიოზულ შოუზე გახდა ცნობილი.
წლევანდელ ნომინაციებს კენდრიკ ლამარი ლიდერობდა, რომელიც ცხრა კატეგორიაში იყო წარდგენილი. მათ შორის ისეთ საკვანძო ნომინაციებში, როგორებიცაა – ,,წლის ჩანაწერი”, ,,წლის სიმღერა” და ,,წლის ალბომი”. ლამარმა ხუთ ნომინაციაში მოიგო, ჯილდოების რაოდენობით კი რეპერებს შორის ჯეი-ზის რეკორდი მოხსნა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
კენდრიკ ლამარის ტრიუმფი და ,,გრემის” 68-ე დაჯილდოების მნიშვნელოვანი მომენტები