შოვში მომხდარ ტრაგედიას ცნობილი ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი ეხმაურება.
„მაქსიმალურად ვცდილობ ჩემ საქმეზე ვკონცენტრირდე, მაგრამ შეუძლებელია მთელი ყურადღება საქართველოსკენ არ იყოს მომართული, როცა ცალსახაა, რომ ქვეყანა იღუპება, ვერ ვითარდება, ინტელექტუალურ თუ ბუნებრივ რესურსებს ვკარგავთ.
ეროვნული ტრაგედიის დროს მეზობლები დახმარების ხელს გვიწვდიან, რაზედაც უარს ვამბობთ, მთელი მსოფლიო გვითანაგრძნობს, რუსეთის გარდა, რომლის მოსახლეობაც ყოველდღიურად შემოედინება მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოში. თუმცა ვინ უნდა გვითანაგრძნოს, რომელთა სახელსაც მიეწერება ქვეყნის უმეტესი ტრაგედია.
გარდაცვლილთაგან მომავალი თაობაა, გმირები და ისინი, ვინც დასავლურ განათლებას იღებდნენ, რომელთაც არ სურდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც უკუსვლით მიდის, წარსული შეცდომებით სპეკულირებს, პროგრესი არ გააჩნია, რომლის მოსახლეობაც ერთ წვენში იხარშება. კვლავ უვიცობამ, დაუდევრობამ, არაპროფესიონალიზმმა და მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანამ შეიწირა ეს ხალხი, ქვეყანა; კრიტიკულ სიტუაციაში წუთიც გადამწყვეტია, არ მასვენებს აზრი, რომ გათენებამდე შესაძლებელი იყო რომელიმეს გადარჩენა.
ვიცი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა, თავდაპირველი აგონია და შემდგომი ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ რას განიცდიან გარდაცვლილთა მშობლები. მათი ხსოვნისთვის მაინც უნდა გავიაზროთ, რომ მუდმივი არაფერია, ხალხი კი არ მსახურობს ხელისუფლებას, არამედ პირიქით… ცვლილების გარეშე, უტოპიური სამყაროც კი დისტოპიად იქცევა, რაც ყველა მთავრობას დაემართა.“- წერს ლევან სონღულაშვილი სოციალურ ქსელში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
შოვში მომხდარი სტიქიის გამო, 7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა.