ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მუნთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ შიშზე წერს. როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ინფექცია ყოველდღიურ გარემოში, მათ შორის ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი ადგილების ზედაპირებიდან, არ გადადის.
მიუხედავად ამისა, ექიმი გარკვეულ სიფრთხილეს მაინც ურჩევს მოსახლეობას.
„მუნზე შიშის გამო ადამიანები ზედმეტად შფოთავენ და ყველაფრის დასპირტვის ახალი ეპოქა დაიწყო.
მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება.
თუმცა გარე სივრცეებში (მაგალითად რესტორნებში) პლედების გამოყენებას თუ მოვეშვებით, კარგი იქნებოდა (და არა მხოლოდ მუნის გამო, სხვა, მაგალითად, სოკოვანი დაავადებებიც შეიძლება გადავიდეს).
ეს პრაქტიკა ყოველთვის თვალში მეჩხირებოდა. მართალია, მუნის გადაცემის რისკი ამ გზით მაღალი არ არის, მაგრამ არსებობს, რადგან კონტაქტი საკმაოდ ხანგრძლივია და თანაც ძნელი დასაჯერებელია, რომ პლედებს ყოველი მომხმარებლისთვის მაღალ ტემპერატურაზე რეცხავდნენ“- წერს მაია ბუწაშვილი.
