LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაღდი ფულის მომავალი: რა თანხას ატარებენ დღეს ევროპელები საფულეში?

132
1366x768_cmsv2_6d343be5-c399-5d45-8918-b7c08fc22788-9585217

მიუხედავად იმისა, რომ მონეტებისა და ბანკნოტების გამოყენება ევროპაში თანდათან იკლებს, ნაღდი ფული კვლავ ფართოდ გამოიყენება. ევროზონის არაერთ ქვეყანაში ის ჯერ კიდევ ყველაზე გავრცელებული გადახდის მეთოდია – როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე მათი ღირებულების მიხედვით.

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) კვლევის თანახმად, 2025 წელს ევროზონაში ადამიანების საფულეში არსებული ნაღდი ფულის საშუალო ოდენობა 59 ევროს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება: ნიდერლანდებში საშუალოდ 35 ევროა, ხოლო ლუქსემბურგსა და კვიპროსში – 82 ევრო.

ევროკავშირის ოთხი უმსხვილესი ეკონომიკიდან ყველაზე მეტ ნაღდ ფულს ყოველდღიურად გერმანელები ატარებენ – საშუალოდ 69 ევროს. საფრანგეთში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 50 ევროს შეადგენს. იტალია უფრო დაბალ ზღვართანაა ახლოს, ხოლო ესპანეთი – ევროზონის საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ ზემოთაა.

ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორმა იაკუბ გურკამ Euronews Business-თან საუბარში აღნიშნა, რომ ნაღდი ფულის გამოყენებაზე ძლიერ გავლენას ეროვნული კულტურა ახდენს.

„სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც კლიმატი თბილია და პირისპირ კომუნიკაცია და ვაჭრობა უფრო ხშირია, ნაღდი ფული ბუნებრივად უფრო პოპულარულია. ჩრდილოეთის ქვეყნებში კი, მაგალითად სკანდინავიაში, ისტორიულად უფრო სწრაფად გადადიოდნენ ელექტრონულ ბანკინგსა და უნაღდო გადახდებზე,“ – განაცხადა მან.

ნაღდი ფულის გამოყენება მცირდება

ევროზონაში სავაჭრო ობიექტებში (POS) ნაღდი ფულით გადახდების წილი ეტაპობრივად მცირდება. 2016 წელს ნაღდი ფულით სრულდებოდა ტრანზაქციების 79%, ხოლო 2024 წელს ეს მაჩვენებელი 52%-მდე დაეცა – ანუ 27 პროცენტით შემცირდა.

იმავე პერიოდში ნაღდი ფულის წილი ტრანზაქციების ღირებულებაში 54%-დან 39%-მდე დაეცა.

ტრანზაქციების ნახევარზე მეტი კვლავ ნაღდია

2024 წელს ევროზონაში ყველა გადახდის 52% კვლავ ნაღდი ფულით განხორციელდა. ევროზონის 20 ქვეყნიდან 14-ში ნაღდი ფული ყველაზე ხშირად გამოყენებული გადახდის საშუალებად რჩება.

ამ ქვეყნების დაახლოებით ნახევარში მისი წილი 45%-დან 55%-მდე მერყეობს. თუმცა განსხვავებები დიდია: ნიდერლანდებში ნაღდი ფულით სრულდება მხოლოდ  ტრანზაქციების 22%, მაშინ როცა მალტაში – 67%. 60%-ზე მეტი წილი აქვს ასევე სლოვენიაში, ავსტრიასა და იტალიაში.

„ქვეყნებში, სადაც ნაღდ ფულთან ძლიერი ისტორიული კავშირი არსებობს – მაგალითად გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში, ფიზიკური ვალუტა ყოველდღიურ ცხოვრებაში ღრმადაა ფესვგადგმული. ამას ხელს უწყობს ნაღდი ფულისადმი ნდობა, საბანკო კრიზისების ისტორიული გამოცდილება, კონფიდენციალურობის სურვილი და ციფრული კონტროლისადმი წინააღმდეგობა,“ – განუცხადა Euronews Business-ს CashEssentials-ის თავმჯდომარემ გიომ ლეპეკმა.

ღირებულების თვალსაზრისით ნაღდი ფულის წილი შედარებით მცირეა და ევროზონაში გადახდების 39%-ს შეადგენს. ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი ნიდერლანდებში 17%-დან ლიტვაში 59%-მდე მერყეობს.

ამავდროულად, ბარათებზე მოდის ტრანზაქციების 39% და გადახდების საერთო ღირებულების 45%. ასევე სწრაფად იზრდება მობილური ტელეფონებითა და ჭკვიანი საათებით გადახდების გამოყენება.

რატომ განსხვავდება ნაღდი ფულის გამოყენება ასე მკვეთრად?

კორკის უნივერსიტეტის (University College Cork) პროფესორის, ოლივ მაკკართის თქმით, ქვეყნებს შორის განსხვავებებს მრავალი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორი განაპირობებს.

„ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ნაღდი ფულის მიღების დონეს, ციფრული ტექნოლოგიების გავრცელების ტემპს, ციფრული გადახდების კონფიდენციალურობისადმი დამოკიდებულებას და სხვა არაერთ მიზეზს,“ – აღნიშნა მან.

ევროზონაში ნიდერლანდები და ფინეთი ის ქვეყნებია, სადაც ნაღდი ფულით გადახდების წილი და საფულეში არსებული თანხა ყველაზე დაბალია. მაკკართის თქმით, ნიდერლანდებში ნაღდი ფულის მიღება საშუალოზე დაბალია – მხოლოდ  ბიზნესის 79% იღებს ნაღდ ფულს. განსაკუთრებით შემცირდა მისი მიღება რესტორნებსა და კაფეებში: 2021 წლის 98%-დან 2024 წელს 85%-მდე.

ფინეთში კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხოლოდ 8% ამჯობინებს ნაღდ ფულს.

„და გასაკვირი არ არის, რომ ორივე ქვეყანა მსოფლიოში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა,“ – დასძინა მაკკართიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g