LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე

331
1

დღეს, დაახლოებით 12:00 საათისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

მომხდარის ამსახველი კადრების გავრცელება პირდაპირ ეთერში სულ მალე დაიწყო სხვადასხვა სოციალურმა მედიამ და ტელევიზიამ.

ადგილზე მალევე გამოჩნდა სპეციალური ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც ტერიტორიის გასუფთავება და ნანგრევებიდან მაცხოვრებლების გამოყვანა და სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან, სახანძრო კიბის საშუალებით გამოიყვანეს.

საზოგადოება პირდაპირ ეთერში ისმენდა თვითმხილველების განცხადებებს, ნგრევის სავარაუდო მიზეზებს და ასევე ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ხმას. 

პირველად გავრცელებული ინფორმაციით, ეძებდნენ ნანგრევებში მოყოლილ არასრულწლოვანს, სულ მალე კი მაშველებმა ბავშვი ნანგრევებიდან ამოიყვანეს – არასრულწლოვანის ამოყვანას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოგვიანებით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ბავშვი, ამჯერად ახალშობილი, ამოიყვანეს. ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მალევე, კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი სამაშველო ბრიგადასთან კონტაქტზე გავიდა. მაშველებმა ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ნათქვამი, რომ მას სუნთქვა შეუძლია.

 

 

რამ გამოიწვია კორპუსის ნგრევა – ოფიციალური განცხადებები და სავარაუდო ვერსიები

სანამ შესაბამისი უწყებები ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებდნენ, თავდაპირველად ვერსიები გავრცელდა მოქალაქეების მხრიდან.

ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ კორპუსი იყო ერთ-ერთი ძველი შენობა ქალაქში, ნაწილი კი აცხადებდა, რომ კორპუსს ჰქონდა დაშენება და ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჩამოშლა ამას გამოეწვია. ასევე, აღინიშნა, რომ ნგრევა შესაძლოა, შემთხვევა აფეთქებას გამოეწვია.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ:

“მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო და სასწრაფო ძალების მობილიზება; ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს; მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები; ნგრევის ფაქტზე კი დაწყებულია გამოძიება და ასევე ზუსტდება დაშავებულების შესახებ ინფორმაცია”

ამის შემდეგ ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.

როგორც მან თქვა, “ყველაფერი გაკეთდება, რომ იქ დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. გრძელდება მათთან კონტაქტი”.

რიჟვაძეს თქმითვე, კორპუსზე დაშენებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთება განცხადება.

აჭარის მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

არ არის ინფორმაცია სწორი, რომ რაიმე პრობლემები ჰქონდა ამ კორპუსს – ბათუმის მერიის განცხადება 

 

“ფორტუნას” ბათუმის მერიაში განუცხადეს, რომ მერია ადგილზე არანაირ სამუშაოებს არ ახორციელებდა და უწყებაში არც კორპუსის მდგრადობასა და ამორტიზებულობასთან დაკავშირებით შესულა განცხადება:

“მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გეტყვით, რომ ბათუმის მერია იქ არანაირ სამუშაოებს არ ახორციელებდა და ამასთან, კორპუსის მდგრადობასა და ამორტიზებულობასთან დაკავშირებით არც განცხადებაა შემოსული.

არ არის ინფორმაცია სწორი, რომ რაიმე პრობლემები ჰქონდა ამ კორპუსს, ყოველ შემთხვევაში, მერიაში არ არის დაფიქსირებული”, – უთხრეს “ფორტუნას” ბათუმის მერიაში.

 

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ კორპუსზე 2007 წლის შემდეგ დაშენების ნებართვა არ გაცემულა

 

მალევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადება გაავრცელა აჭარის ტელევიზიამ.

სურმანიძის თქმით, კორპუსი ავარიული არ იყო და მასზე ბოლო პერიოდში, რაიმე დაშენება და მიშენებაც არ განხორციელებულა:

ბოლო 20 წლის განმავლობაში კორპუსში, რომელიც ჩამოინგრა, მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

“ამ ეტაპისთვის ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ნგრევა. მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ იყო აფეთქების ხმა, თუმცა მეორე ნაწილის ინფორმაციით პირდაპირ ნგრევის ხმა გაიგეს და აფეთქების ხმა არ ყოფილა. გაზიც, შუქიც ამ ეტაპზე კორპუსს არ მიეწოდება.მომიჯნავე სადარბაზოებიდან მოხდა ხალხის ევაკუაცია”, – განუცხადა სურმანიძემ მედიასაშუალებას.

როგორც “ფორტუნას” ბათუმის მერიაში განუცხადეს, ყველა დაზარალებულ ოჯახს ქირით გაიყვანენ. 

“აბსოლუტურად ყველა დაზარალებული ოჯახი ქირით იქნება გადაყვანილი.”  – განაცხადეს მერიაში.

 

 

როგორია დაშავებულების მდგომარეობა – განახლებული ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ

 

კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ნანგრევებში 5-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი და მათ შორის 3 ბავშვია. 

ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. სავარაუდოდ, ნანგრევებში 8 ადამიანია – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი

“ბავშვები არიან მოყოლილი, ჩვილიც შეიძლება იყოს, მჯერა, მაშველები შეაღწევენ” – მგალობლიშვილი

მალევე მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ერთი ბავშვი ამოიყვანეს, შემდეგ კი კიდევ ერთი ახალშობილი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

“ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, აქვს ზედაპირული დაზიანებები, წვივის მოტეხილობა. მიმდინარეობს შემდგომი კვლევა”, – განუცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა მედიასაშუალებას.

კლინიკა უკვე დატოვა ბავშვმა, რომელიც დღეს ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

დედამ ნანგრევებიდან ამოყვანილი შვილი ნახა – ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო მოსახლეობაც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ დეტალურად დადგინდება ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

თორნიკე რიჟვაძე: ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი მუშაობს, მაგრამ ადგილზე მუშაობა ვერ ხდება სწრაფად, რადგან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი და შესაძლოა, სწრაფად მუშაობამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანოს.

ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი… მძიმე სიტუაციაა ნამდვილად – გომელაური

ბათუმში მყოფმა შს მინისტრმა ჟურნალისტებს იმ ვერსიებზე ესაუბრა, რომელსაც, შესაძლოა, კორპუსის ჩამონგრევა გამოეწვია.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაკავებული არავინაა.

ნგრევის მიზეზი შესაძლოა, რემონტისას საყრდენი კედლის გამოცლა იყოს, რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზეა – შს მინისტრი

 

მასალა განახლებადია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g