შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მივიდა, სადაც დღეს დილით საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.
ვახტან გომელაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი მუშაობს, მაგრამ ადგილზე მუშაობა ვერ ხდება სწრაფად, რადგან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი და შესაძლოა, სწრაფად მუშაობამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დააზიანოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.
„რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული“,- განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.